რუბრიკა "შენი ხმა" "ინფო რუსთავის" ჯგუფში

2019-03-06 00:16:47

"ინფო რუსთავის" ფეისბუქ ჯგუფში რუსთაველმა ნატალია ჩიქოვანმა, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებზე არსებული პრობლემების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ: - "სამი წელია თითქმის ყოველდღე რუსთავი-თბილისის სამარშუტო ტაქსით ვმგზავრობ. როგორი სკამი არ შემხვედრია: „გუბკიანი" გადმოსაკეცი, „უგუბკო" გადმოსაკეცი (მხოლოდ რკინის კარკასზე გადაკრული ნაჭრით), პატარა ტაბურეტი... მაგრამ დღეს „ინტერტრანსმა" მოლოდინს გადააჭარბა.

მოკლედ, ვინც ხშირად მგზავრობთ აღნიშნული მარშრუტით გეცოდინებათ, რას ნიშნავს დილით დიდუბის ხაზზე ცარიელი ადგილის შოვნა, ადგილი ადგილია და მის ავკარგიანობას აღარ განვიხილავთ ხოლმე, რადგან მთავარია სამსახურამდე მივაღწიოთ. დღესაც ასე მოხდა, როგორც იქნა გამიჩერა, როგორც იქნა ადგილი ვნახე და დავჯექი და ჯერ უკან გადავქანდი ჩემი სკამიანად, მერე წინ, მომენტალურად აღვიქვი, რომ ჩემი სკამი მოტეხილი და რკინის ღერძზე მხოლოდ ერთ ადგილას არის მიმაგრებული და მთელი გზა წონასწორობის დაცვას ვცდილობდი...

აღარაფერს ვამბობ, ე.წ. „სპრინტერებში" ისეთ სივიწროვეზე ზურგზე სხვის მუხლებს რომ გრძნობ და საკუთარი ყელში რომ გაქვს მობჯენილი...
კიდევ ცალკე საკითხია კონდიცირება, არა არ გეგონოთ კონდიციონერზე ვსაუბრობდე, რომელსაც თითქმის არასდროს რთავენ, უბრალოდ განიავებას ვგულისხმობ. მძღოლის თავთან 4 სანტიმეტრზე ჩამოწეული შუშა მხოლოდ სიგარეტის გადასაფერფლებლად თუ არის საკმარისი, თორემ 25 კაცის ჟანგბადით მომარაგებაზე ნამდვიალდ არ ზრუნავს...

კიდევ ბევრი შეიძლება ითქვას უსუფთაობაზე, გაუმართავ ავტომობილებზე, სულ რომ გგონია ან ახლა გაჩერდება, ან ახლა და ახალ ტენდენციაზე, რომ ყველა სამარშუტო ტაქსის დამატებითი თბილისის ხაზის ნომერი აქვს მიკრული და ქალაქში შესვლისთანავე თბილისელ მოსახლეობასაც ემსახურება, რაც გზას გვიგრძელებს მათ, ვინც ისედაც გრძელ გზას გავდივართ სასურველ პუნქტამდე. მაგ.: დიდუბეს აწერია 301 ნომერი და მოსახლეობა დედაქალაქში ყოველ გაჩერებაზე ჩადის ან ამოდის, წერეთლის გამზირზე ამის გამო 30 წუთიც კი გვივლია.

და ამ ყველაფერთან ერთად მგზავრებს გვაფრთხილებენ, რომ მალე მგზავრობა ისევ 2 ლარი გახდება".