რუსთავის მერიაში საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობასა და სპორტსმენებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ფედერაციისა და მუნიციპალიტეტის სამომავლოდ განსახორციელებელ ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს. იგეგმება ძალოსნებისთვის ახალი ბაზის მშენებლობა.
"ძალიან შთამბეჭდავი დელეგაცია გვესტუმრა დღეს. ძალოსნობის ფედერაციის სპორტსმენები, რომლებმაც გამონახეს დრო და ჩამოვიდნენ ქალაქ რუსთავში. ინიციატივა ეხება ბაზის მშენებლობას, მუნიციპალიტეტი გამოთქვამს მზაობას მოეწყოს და გამოყოს ტერიტორია, სადაც განვითარდება ინფრასტრუქტურა. გვინდა რომ ერთი დიდი კომპლექსი გაკეთდეს, სადაც თავიდან ბოლომდე თავმოყრილი იქნება ყველაფერი ძალოსნებისთვის და სპორტსმენებისთვის, რომლებისთვისაც აუცილებელია სპორტული ვარჯიშების ჩატარება. ეს სპორტი იმსახურებს დიდ ყურადღებას"- განაცხადა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
"ყოველთვის სასიამოვნოა იმ ხალხთან ერთად ყოფნა, რომლებიც ზრუნავენ ჯანსაღი ცხოვრების წესზე და სპორტზე. შეხვედრაზე განიხილა ინიციატივა, რომელიც ეხება ძალოსნებისთვის ახალი ბაზის მშენებლობას რუსთავში, რომელიც გვესაჭიროებოდა. ეს ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრებას, შეჯიბრებებზე კარგი შედეგების მიღწევას და ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებების მოტანას. ერთად საქართველოსთვის"- განაცხადა საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიენტმა კახი კახიაშვილმა.
სხვა ტიტულოვან სპორტსმენებთან ერთად შეხვედრას ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის მრავაგზის ჩემპიონი, რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე დაესწრო.
რუსთავის მერმა სტუმრებთან ერთად ის ტერიტორიაც მოინახულა სადაც ბაზის მსენებლობა იგეგმება.