რა მდგომარეობაა საბავშო ბაღების ეზოებში.

2017-03-01 20:16:10

გაზაფხულის დადგომასთან ერთად საბავშვო ბაგა-ბაღებში პერსონალს  აღსაზრდელები  ბაღისთვის განკუთვნილ ეზოში გაჰყავთ, თუმცა მოქალაქეების ნაწილი რუსთავის ზოგიერთი საბავშვო-ბაგა ბაღის ტერიტორიაზე არსებულ ანიტისანიტარიულ მდგომარეობაზე საუბრობს. ქალაქის ზოგიერთი ბაღის ეზოში, სადაც საბავშვო გასართობი ატრაქციონებია განთავსებული, სიგარეტის კოლოფებს, პოლიეთილენის პარკებს, სასმლის ბოთლებსა და სხვა გადაყრილ ნივთებს შეხვდებით.  ვის კომპეტენციაში შედის საბავშვო ბაგა-ბაღების ეზოების დასუფთავება, არსებობს თუ არა გარკვეული შეზღუდვები ბაღის ტერიტორიაზე შესვლისას და ვინ უნდა დაიცვას წესრიგი, ამ საკითხით „ინფო რუსთავი“ დაინტერესდა.

როგორც რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა, განგვიცხადა, საბავშვო ბაღის ეზოს დასუფთავება დარაჯ-მეეზოვეების ფუნქციებში შედის, გარდა ამისა პერიოდულად ეზოს მასშტაბურ  დასუფთავებაში ე.წ შაბათობაში მშობლებიც მონაწილეობენ. ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, ძირითადად პრობლემას ის მოქალაქეები ქმნიან, რომლებიც გარემოს აბინძურებენ. შესაბამისი წესდებისა და  ბაგა-ბაღების გაერთიანების ბრძანების თანახმად, საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე მოწევა და ალკოჰოლური სასმელის მიღება იკრძალება, თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი ბაღის ტერიტორიაზე აღნიშნულ წესდებას არღვევს,  ამ შემთხვევაში კი დარაჯმა საპატრულო პოლიცია უნდა გამოიძახოს, რადგან კონფლიქტში შესვლის უფლება დარაჯ-მეეზოვეებს არ აქვთ. „ღამის საათებში, როცა ბაღი იკეტება და მხოლოდ დარაჯები რჩებიან ბაღის ტერიტორიაზე, არის შემთხვევები, რომ იმდენად ნასვამები არიან ვიღაცები, ჩვენ იმასაც კი ვეუბნებით დარაჯებს, რომ გამოიძახე პატრული,  შენობიდან ნუ გახვალ, იმიტომ, რომ საშიშროება იმისა, რომ დაზიანდეს დარაჯი დიდია როცა ნასვამ ადამიანთან კონფრონტაციაში შედის,  ამიტომ ჩვენ პატრულს გამოვუძახებთ ასეთ შემთხვევას თუ ექნება ადგილი“- განაცხადა ეკა ხუციშვილმა.