გიგა ლორთქიფანიძის სახელობის, რუსთავის პროფესიულ თეატრში, დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
თეატრის შესასვლელში, 110 მოსწავლის ნამუშევრის გამოფენა მოეწყო.
"ძალიან გვინდა გავააქტიუროთ ბავშვები. ძალიან დიდი პოტენციალი არის რუსთავში ხელოვნების მხრივ და ყოველთვის სისტემატურად მონაწილეობს 110 მოსწავლე. ამ შემთხვევაში 110 მოსწავლე 250 ნამუშევრით. ასაკობრივი შეზღუდვა არ არის, აქ არის პირველი კლასიდან მეთორმეტეს ჩათვლით და მონაწილეობენ კერძო სკოლები, საჯარო სკოლები, სტუდიები და თვითონ სამხატვრო სკოლაც. მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა დედის დღეს მიეძღვნას ნამუშევარი, მაგრამ რამდენადაც ხელოვნება თავისუფლებას ნიშნავს, ამიტომ თავისუფალი თემაც მისაღებია და ბავშვებს როგორი სურვილიც აქვთ ისე გადმოსცემენ ამ დღეს" - განაცხადა ხელოვნების საკითხებში კურატორმა ნატალია ჩხარტიშვილმა.
დედის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებების ფარგლებში ასევე გაიმართა კონცერტი და მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ანსამბლები: ,,სალხინო, ,,მე რუსთაველი, თუთარჩელა, გროს ოქტეტი, გერმანიის ქალაქ ჰანოვერის ოპერის მომღერალი გიორგი დარბაიძე და სხვა რუსთაველი მუსიკოსები.
"სამხატვრო სტუდიის ძალიან კარგი ნამუშევრები ვიხილეთ, ძალიან მრავალფეროვანი იყო. დაახლოებით 110 მონაწილე იყო, რაც ფაქტობრივად გაორმაგებულია და სასიამოვნოა ეს ფაქტი, რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს. ძალიან კარგი ღონისძიება გვაქვს დღეს და მრავალშვილიანი დედები ესწრებიან, რაც მთავარია თავიდან ბოლომდე მთელი კონცერტი და კონცერტზე მონაწილეები არიან რუსთაველები, სხვადასხვა სტუდიის წარმომადგენლები, კერძო თუ მუნიციპალიტეტის დაფინანსებით და იმედი მაქვს, რომ ძალიან კარგი ღონისძიება იქნება და ძალიან ნასიამოვნები დარჩებიან ჩვენი დედები"- განაცხადა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ