ვინ არის რუსთაველი რეკორდსმენი პედაგოგი

2019-03-03 12:16:10

ქვემო ქართლის ერთადერთი მენტორი მასწავლებელი რუსთაველი ლელა კვარაცხელიაა, რომელიც უკვე 26 წელია რუსთავის #23-ე საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.

სტატუსი, რომელიც საქართველოს მასშტაბით მხოლოდ რამდენიმე პედაგოგს აქვს, ლელა კვარაცხელიამ გასული წლის ოქტომბერში მიიღო და "ინფო რუსთავთან" იმ დიდ გზაზე ისაუბრა, რომელიც მასწავლებლის უმაღლესი სტატუსის მოპოვებამდე გაიარა.

როგორც პედაგოგმა ჩვენთან საუბრისას გაიხსენა, სკოლაში ადრე შესულმა, უმაღლესი განათლების მიღებაც ადრიანად დაასრულა და 20 წლის ასაკში უკვე ასწავლიდა თავისზე 2-3 წლით უმცროს მოსწავლეებს.

ამ ასაკიდან კი მისი პედაგოგიური კარიერა არ შემწყდარა და ინოვაციური ხედვებით გამორჩეულმა  მასწავლებლმა უმაღლესი სტატუსის მოპოვებაც შეძლო.

10 პროფესიული სერთიფიკატის მქონე, რეკორდსმენმა პედაგოგმა გასულ წელს, მას შემდეგ, რაც  მასწავლებელის პროფესიული განვითარების სქემაში ცვლილებები შევიდა,  გადაწყვიტა ბედი მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებაშიც ეცადა.

"მას შემდეგ, რაც მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში შევიდა ცვლილება და დაემატა მენტორი მასწავლებლის სტატუსი, გადავწყვიტე, რომ აუცილებლად უნდა მეცადა და გამომივიდა კიდეც. ამისათვის საჭირო იყო, რომ განათლების სამინისტრში გადაგვეგზავნა სკოლის საჭიროებების კვლევა და 4 სამოდელო გაკვეთილი. ეს იყო სანიმუშო გაკვეთილები, სადაც უცხოებიც გესწრებიან და 4-ვე გავაკეთე სხვადასხვა სახეობის", - განაცხადა ლელა კვარაცხელიამ "ინფო რუსთავთან" საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ რუსთაველი მასწავლებელი იყო საქართველოში პირველი პედაგოგი, რომელმაც ინოვაციური გაკვეთილის ფორმატში, ფოთის ერთ-ერთ სკოლასთან თანამშრომლობით "გაკვეთილი სკაიპით" ჩაატარა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მას შემდეგ, რაც რუსთაველმა მენტორმა პედაგოგმა 1997 წელს სრული პროფესორის სტატუსი მოიპოვა, სწავლება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიწყო, ახლა კი მოსწავლეებთან ერთად, საკუთარ გამოცდილებას თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებსაც უზიარებს.

ლელა კვარაცხელიას მასწავლებელის მენტორის სტატუსის შესანარჩუნებლად მცდელობა აღარ  დასჭირდება, სტატუსი მუდმივია და ის გაუქმებას არ ითვალისწინებს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები