ქვემო ქართლში ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამა ინერგება

2019-03-01 13:49:43

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რეგიონში ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის დაავადებათა ადრეული გამოვლინებისა და მკურნალობისთვის ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამის დანერგვაზე ისაუბრეს.

პროგრამა რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებსა და პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღანელმა ამირან გამყრელიძემ და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა წარუდგინეს. 

"შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამაზე, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს ქვეყანაში. შარშან ჩვენ დავიწყეთ პილოტი სამეგრელო-ზემო სვანეთში და ახლა გვინდა გაგრძელდეს, რადგანაც ძალიან კარგი შედეგები მოგვცა პირველადი ჯანდაცვის დონეზე სამი დაავადების, ინტეგრირებული ადრეულ ეტაპზე გამოკვლევისა, ეს გახლავთ C ჰეპატიტი, აივ ინფექცია/შიდსი და ტუბერკულოზი. ჩვენი მიზანია, პირველადი ჯანდაცვის ექიმების ფართო ჩართულობა ამ დაავადებების ადრეულ გამოკვლევაში და შესაბამისად შემდგომ უკვე მკურნალობაში", - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, პროგრამის ფარგლებში 3 ინსტიტუციის გაერთიანება ხდება. ესაა ცენტრალური ხელისუფლება, რომელიც ტესტებს ამ სამი დაავადების ადრეული დიაგნოსტიკისთვის აწვდის პირველადი ჯანდაცვის ექიმებს, გლობალური ფონდი, რომელიც გადაამზადებს პირველადი ჯანდაცვის ექიმებს და ადგილობრივი ხელისუფლება, რომელმაც უნდა გამოყოს გარკვეულ ინცენტივი, სამედიცინო პერსონალის წახალისებისთვის. როგორც შხვედრაზე გახდა ცნობილი, ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწევს 1.75 ლარის გამოყოფა  ერთ გამოკვლეულ ადამიანზე.

პროგრამის რეგიონში დანერგვასთან დაკავშირებით მზაობა გამოთქვა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურ მოლაპარაკებებს დაიწყებს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, თუ მოხდება ადგილობრივ ხელისუფლებასთან დროული შეთანხმება, აპრილში უკვე დაიწყება სამედიცინო პერსონალის გადამზადება, მაისის თვეში კი პროგრამის განხორციელება აქტიურ ფაზაში გადავა.

ქვემო ქართლის რეგიონში პროგრამის ფარგლებში 230 000 ადამიანია გამოსაკვლევი, ხოლო რუსთავის მუნიციპალიტეტში 64 000 ადამიანი.

 

ავტორი: თამუნა გაჩეჩილაძე