ახალგაზრდა კალიგრაფი რუსთავიდან [PHOTO]

2019-03-02 00:18:51

ახალგაზრდა რუსთაველი კალიგრაფი, 18 წლის ნიკა ღუნაშვილი, რომელიც უკვე წლებია ქართულ კალიგრაფიას ეუფლება, სტუდენტია და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო ფაკულტეტზე სწავლობს.

მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტობასთან ერთად მის ცხოვრებაში ბევრი ინტერესი გაჩნდა, მთავარ ინტერესად ისევ სიტყვისა და გამოსახულების ერთ ნაწილად გარდაქმნას მიიჩნევს და ფიქრობს, რომ იმ ნამუშევრების შექმნას, რომელიც გასულ წელს "ინფო რუსთავმაც" გაავრცელა და საზოგადოების მხრიდან დადებითი შეფასება მოჰყვა, არასდროს შეწყვეტს.

ახალგაზრდა რუსთაველი, რომელიც ბევრი ორიგინალური კალიგრამის ავტორია, კალიგრაფიით 8 წლის ასაკში, მას შემდეგ დაინტერესდა, რაც რუსთაველი კალიგრაფის, შემდგომში კი მისი მასწავლებლის, დავით მაისურაძის ნამუშევრები ნახა.

რაც შეეხება ნიკა  ღუნაშვილის ბოლო ნამუშევრებს, ავტორი ამბობს, რომ ყველა იმ კალიგრამს, რომელიც ბოლო პერიოდში შექმნა თავისი პატარა ისტორია აქვს, მთავარი ინსპირაციის წყარო კი მის შემოქმედებაში უცხოური, ძირითადად ლათინური და არაბული კალიგრამები გახდა.

 

ავტორი: თამუნა გაჩეჩილაძე