"ინფო რუსთავი" დაინტერესდა რუსთავის ბაგა-ბაღების აკადემიური კალენდრით და კითხვით, იქნება თუ არა სკოლების მსგავსად ბაგა-ბაღებშიც საგაზაფხულო არდადეგები, რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, ეკა ხუციშვილს მიმართა.
როგორც გაერთიანების ხელმძღვანელმა განაცხადა, რუსთავის ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები არ იქნება, თუმცა, მისი თქმით, ბაღის აღსაზრდელებსა და მშობლებს გაცდენებთან დაკავშირებით შეძლებისდაგვარად ხელშეწყობა ექნებათ.
"ბაღებში არ იქნება საგაზაფხულო არდადეგები და არც ყოფილა არასდროს, მაგრამ რადგანაც სკოლებში იქნება არდადეგები, ჩვენ არებთან დაკავშირებით მშობლებს ხელს შევუწყობთ. არდადეგების პერიოდში თუ გააცდენს ვინმე და დაუგროვდება 7 არა, ეს საპატიოა, მაგრამ 1 არით მეტი თუ დაუგროვდა, უკვე საპატიოდ არ ითვლება, თუმცა ამის გამო არ გავრიცხავთ არავის. ბავშვებს აქვთ 7 დღის გამოყენების უფლება, საპატიოდ ეთვლებათ 7 არა, თუკი გაცდენა იქნება 7-ზე მეტი ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება და 1 ან 2 არის გამო ნამდვილად არ მოხდება არავის გარიცხვა", - აცხადებს რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ეკა ხუციშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 1 კვირის განმავლობაში, 8-დან 15 მარტის ჩათვლით არის დაგეგმილი, მაგრამ რადგან 16 მარტი შაბათია, სასწავლო პროცესი 18 მარტს განახლდება.