"მაისისთვის 75% ტენდერებისა გვექნება გამოცხადებული"

2019-02-27 13:08:53

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი მოადგილეებთან ერთად ქვემო ქართლში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

სხდომაზე გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში რეგიონში მიმდინარე წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს.

როგორც ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნა, მოლოდინი რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხების ზრდასთან დაკავშირებით, გამართლდა და დღევანდელ სხდომაზე მუნიციპალიტეტების პირველ პირებთან ერთად დამატებით 7 300 000 ლარის დაფინანსების ფარგლებში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს.

"დღეისთვის ჩვენ მოგვიწია 7 300 000-ის დაფინანსების შესაბამისი პროექტების დამატება მუნიციპალიტეტების მიხედვით და გავდივართ იმ პროექტებს, რომელიც ამ თანხაში გვაძლევს საშუალებას განხორციელდეს. ჩვენ მოგვიწია ფაქტიურად გაზრდა რეგიონული ფონდის, 29-დან 36 000 000 ლარი გახდა, მაგრამ ეს არ იქნება საბოლოო ციფრი. გაგვიორმაგდა სოფლის მხარდაჭერის პროექტში დაფინანსება, სტიქიის პრევენციის დაფინანსება, სკოლების და ძალიან ბევრი მიმართულებით ისეთი პროექტებია, რომლებიც თანხაში აისახება და სრულად ველოდებით, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან ჩვენ გვექნება დაახლოებით 55 000 000 ლარის შესასრულებელი სამუშაოები და სწორედ ამის ანალიზს ვაკეთებთ დღეს. რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების ფონდიდან არის უკვე 208 ტენდერი გამოცხადებული, თუმცა ახლა ამას ემატება ტენდერები, რომლებსაც დღეს გავდივართ ამ დაფინანსებიდან გამომდინარე. საკმაოდ კარგად მივდივართ და ვამბობდით, რომ 2019 წლის სტარტი იქნება გაცილებით უფრო ნაყოფიერი, ეფეტური და ეს მოლოდინები გამართლდა", - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

როგორც ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, მაისისთვის 75% განსახორციელებელი პროექტებისა უკვე გამოცხადებული იქნება ყველა მუნიციპალიტეტში. მისი თქმით, არის მუნიციპალიტეტები, სადაც უკვე 100%-ითაა შესრულებული ვალდებულებები ტენდერების გამოცხადებასთან დაკავშირებით.

მიმდინარე წელს რუსთავში კოსტავას გამზირზე ფასადების რეაბილიტაცია და გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება იგეგმება. ასევე რუსთავის  მუნიციპალიტეტში მე-17  ბაგა-ბაღის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.