რუსთავის საქალაქო სასამართლოში, დღეს, მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის, საქმის არსებითი განხილვის ერთ-ერთი პროცესი გაიმართა. [ვიდეო/video]
"გრძელდება ბატონი თემურ აბაზოვის მიმართ დაუსაბუთებელი ბრალის წარდგენის შემდგომ საქმის არსებითი განხილვა, იკითხებიან ბრალდების მოწმეები, თუმცა ბრალდების მოწმეთა ჩვენებით წარდგენილი ბრალი, რაც არის თემურ აბაზოვის აშკარად არ დასტურდება. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ სამართლიანი, ობიექტური გადაწყვეტილების პირობებში, ჩვენ დავადასტურებთ თემურის უდანაშაულობას, რაც რა თქმა უნდა არის აუცილებელი წინაპირობა იმისათვის, რომ აღსდგეს სამართლიანობა", - განაცხადა თემურ აბაზოვის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა.
"ინფო რუსთავთან" მარნეულის ყოფილი მერი აცხადებს, რომ: -"მე, როგორც ჩემი ოჯახის წინაშე, ასევე მთელი მარნეულის წინაშე, ყველაზე მეტად იმას ვნანობ, რომ ასეთი ბრალდებით მიწევს თავის გამართლება. თქვენ იცით, რომ სერიოზული, ბინძური პროვოკაციის მსხვერპლი გავხდი, შესაბამისად ვწუხვარ, რომ მართლა მიწევს ამ პროვოკაციის გამო თავის გამართლება. ვიცი, რომ მოსამართლე სწორ გადაწყვეტილებას, გამამართლებელ გადაწყვეტილებას მიიღებს. ყველაზე მეტად მენანება ის, რომ ეს დრო დაიკარგა, ვერ გამოვიყენეთ, როგორც დაგეგმილი იყო. ის დაპირებები, რომელიც წინასაარჩევნოდ იყო მაქსიმალურად იყო დასაწყისისთვის შესრულებული და ვაგრძელებდით. ძალიან ვწუხვარ, რომ როგორც ოჯახის წევრები, ასევე ახლობლები და თანამშრომლები ვანერვიულე".
შეგახსენებთ, რომ თემურ აბაზოვი 13 ივნისს რუსთავის საქალაქო სასამართლომ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დააკავა, 13 დეკემბერს კი წინასწარი პატიმრობიდან გაანთავისუფლეს.