რუსთავში, საქართველოს დამსახურებული არტისტის ჯუბერ ყოლბაიას მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფა იმ შენობის შესასვლელში გაიხსნა, სადაც ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
"დღეს იმ სახლის შესასვლელთან, სადაც ცხოვრობდა ჯუმბერ ყოლბაია გაიხსნა მემორიალური დაფა, რომელზეც აღბეჭდილია, რომ აქ ამა და ამ წლებში ცხოვრობდა, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ცნობილი ლოტბარი, ხელოვნების ქურუმი, ბატონი ჯუმბერ ყოლბაია. ჯუმბერ ყოლბაიას აქვს ძალიან დიდი დამსახურება ქართული ეროვნული ფოლკლორის განვითარების საქმეში. ის იყო წლების განმავლობაში ანსამბლ "რუსთავის" წამყვანი სოლისტი. შემდეგ ის 1993 წელს გადავიდა ანსამბლ "ფაზისში" სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა"- განაცხადა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსაბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლევან ღვინჯილიამ.
ჯუმბერ ყოლბაია 1972 წლიდან ანსამბლ „რუსთავის” ქორმეისტერ-მომღერალი იყო. ამ ანსამბლში ის 15 წელი მუშაობდა.
"ჯუმბერ ყოლბაია იყო ჩვენი ქალაქის და არა მხოლოდ ქალაქის, ქვეყნის გამოჩენილი პიროვნება, დამსახურებული არტისტი, ხელოვნების დამსახურებული მუშაკი. მას არაერთი თაობა ჰყავს აღზრდილი. ქალაქის მერიამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება რომ გახსნილიყო მემორიალური დაფა, ბატონი ჯუმბერის სახლზე, სადაც ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ათეულობით წლების განმავლობაში"-განაცხადა მერის მოადგილემ გოჩა ლორიამ.
მემორიალის გახსნასთან ერთად, რუსთავის კულტურის სახლს, რომელიც მდებარეობს წმინდა ნინოს ქუჩაზე, ქალაქის მერის ბრძანებით, მიენიჭა ჯუმბერ ყოლბაიას სახელი.
მომღერალს დღეს 75 წელი შეუსრულდებოდა.