უცხოეთში მცხოვრები წარმატებული ქართველი [photo]

2019-03-10 17:32:41

ქვეყნის გარეთ ბევრი ქართველია, რომლებმაც დიდ წარმატებას მიაღწიეს და საკუთარი თავის რეალიზება შეძლეს. ერთ-ერთი ასეთი რუსთაველი კალათბურთელი ლევან ჯიმშელეიშვილია, რომელსაც უკრაინაში წარმატებული სამწვრთნელო კარიერა აქვს.

სპორტსმენის კარიერული წინსვა საქართველოს ფარგლებს გარეთ 10 წლის წინ დაიწყო. რუსთაველი სპორტსმენი, ამჟამად უკრაინაში ცნობილი საკალათბურთო კლუბის "ხიჟაკის" ერთ-ერთი მთავარი მწვრთნელია. გუნდში სადაც 300 ბავშვი ირიცხება, ჯიმშელეიშვილი რამდენიმე წელია მოღვაწეობს. როგორც სპორტსმენი ინფო რუსთავთან აცხადებს, ამ დროისთვის ის 3 გუნდთან და 2 ასაკობრივ ნაკრებთან მუშაობს.

"ინფო რუსთავთან" სპორტსმენმა "ხიჟაკის" წარმატებებზე ისაუბრა.

"ჩვენს ანგარიშზეა რამდენიმე ქალაქის ჩემპიონობა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, ასევე ვთამაშობთ უკრაინის ჩემპიონატს. ჩვენმა კალათბურთელებმა რამდენიმე საერთაშორისო ტურნირზე საპრიზო ადგილებიც დაიკავეს, წინ არაერთი მნიშვნელოვანი სპორტული შეჯიბრი გველოდება, რისთვისაც აქტიურად ვემზადებით",- განაცხადა ქართველმა სპორტსმენმა.

წარმატებული მწვრთნელი კიევში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. უკრაინაში წასვლამდე კალათბურთელი, 1994-2004 წლამდე რუსთავის საკალათბურთო კლუბ "აზოტში" თამაშობდა.

მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენი დროის უდიდეს ნაწილს საქართველოს ფარგლებს გარეთ ატარებს, საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს.