მიმდინარე წელს, რუსთავში სკოლების რეაბილიტაციისთვის 1 730 000 ლარია გამოყოფილი.
როგორც ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა, ზურა ტაბაღუამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, სკოლებში მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარება იგეგმება. სკოლების შერჩევა კი თვითონ სასწავლო დაწესებულებებში არსებული პრობლემებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე მოხდება.
"მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდება სკოლებში. ეს შეიძლება იყოს სველი წერტილების მოწესრიგება, დერეფნების რემონტი, საკლასო ოთახების რემონტი, შემოღობვა, გარე სპორტული მოედნის ან შიდა სპორტული მოედნის მოწყობა. ეს გადაწყდება სკოლაში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, თვითონ სკოლის დირექტორებთან და რესურსცენტრთან კონსულტაციების საფუძველზე და შეირჩევა ის პროექტები, რომლებიც პირველ რიგში საჭიროებენ გამოსწორებას. იმას, რაც აუცილებელად მოსაწესრიგებელია სკოლაში, ის თანხა მოხმარდება, რაც დასჭირდება და ამ კუთხით არ იქნება სკოლებისთვის ლიმიტი დაწესებული", - აცხადებს ზურა ტაბაღუა.
ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, უკვე მოხდა სკოლების შემოწმება და გამოიკვეთა სკოლები, რომლებშიც სამუშაოები პირველ რიგში უნდა ჩატარდეს, რადგანაც სხვა სასწავლო დაწესებულებებთან შედარებით ისინი უფრო ცუდ მდგომარეობაშია.
"იმ სკოლებში, რომლებსაც მილენიუმის პროგრამა არ შეხებია, გარკვეული სახის პრობლემები ყველგანაა. ზოგან არის მცირე პრობლემა, რომელიც შესაძლოა არ საჭიროებდეს პირველ რიგში მოგვარებას, მაგრამ არის სკოლები, რომლებშიც ფიზკულტურის დარბაზია პრობლემა. მაგალითად, ამ ბოლო პერიოდში შევიძინეთ პროექტი #2 და #3 საჯარო სკოლების ფიზკულტურის დარბაზის რეაბილიტაცია , რადგანაც როდესაც გავაკეთეთ შემოვლა, სხვა სკოლებთან შედარები უფრო ცუდ მდგომარეობაშია", - განაცხადა ზურა ტაბაღუამ.