სასამართლო პროცესი რუსთავის ციხეში მიმდინარეობს

2019-02-21 15:31:42

გორში, 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა რუსთავის #6 პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარეობს.

როგორც საქმის პროკურორი ნანა გუგუტიშვილი აცხადებს, დღეს მოხდება დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა. გარდა ამისა, პროკურორის ინფორმაციით, სასამართლო დღეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობაზე და საქმის არსებითად განხილვისთვის გადაცემის საკითხზეც იმსჯელებს.

ბრალდებულის ადვოკატ მარიამ პაპოშვილის განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე გადაწყდება, განიხილავს თუ არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აღნიშნულ საქმეს.

ადვოკატის ცნობით, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

შეგახსენებთ, რომ გორში, 9 წლის ნინიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის სამართალდამცველებმა რამდენიმე საათში გარდაცვლილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით კი 33 წლის იაგო ნებიერიძე დააკავეს, რომელიც წარსულში ნასამართლევია.