დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე [video]

2019-02-20 19:35:07

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს სხდომა გაიმართა. [ვიდოე/video]

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 18 საკითხი განიხილეს.

განსახილველ საკითხებს შორის იყო სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრა. ინიციატივას, რუსთავში მიწებზე ფასის მომატებასთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრებმა მხარი არ დაუჭირეს. როგორც კენჭისყრის შედეგად გადაწყდა, რუსთავში მიწებზე ფასი არ გაიზრდება.

გარდა ამისა, საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე, როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა "ინფო რუსთავთან" საუბრისას აღნიშნა, ქალაქის ბიუჯეტი ამ ოდენობის არასდროს ყოფილა.

"18 საკითხი იყო დღის წესრიგით გათვალისწინებული. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო ის, რომ შემოვიდა ინიციატივა, რუსთავში მიწაზე ფასის გაზრდასთან დაკავშირებით. ამაზე გვქონდა კომისიურ ფორმატშიც საუბარი, ამაზე გვქონდა საუბარი ბიუროზეც, ვიმსჯელეთ და ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ უფრო საჯარო გამხდარიყო და საკრებულოს 25-ვე წევრს განეხილა ეს თემა. ვერ დავინახეთ საჭიროება იმისი, რომ რუსთავში მიწის ფასი გაზრდილიყო, აქედან გამომდინარე შევინარჩუნეთ ის ფასი, რაც იყო წინა დადგენილებით მიღებული. რაც შეეხება ბიუჯეტს, ბიუჯეტი გაიზარდა და მინდა აღვნიშნო, რომ ის არასდროს არ ყოფილა ამხელა. ის შეადგენს 58 მილიონს. რაც, პირველ რიგში, არის რუსთავზე ორიენტირებული, არის გადანაწილებული იმ პრიორიტეტების მიხედვით, რომელიც რუსთაველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია", - აცახდებს ლევან ონიანი.

აღსანიშნავია, რომ საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე დასრულდა. მოქალაქემ და უფლებადამცველმა ოლეგ ღვალაძემ, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ, პრეტენზიები გამოთქვეს საკრებულოს წევრებისა და თავმჯდომარის მიმართ და ისინი უყურადღებობაში დაადანაშაულეს. როგორც გაირკვა, აღნიშნულ მოქალაქეს ჭყონდიდელის დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი ფართიდან ასახლებენ.

ინფო რუსთავთან საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა საპასუხო კომენტარი გააკეთა, მისი თქმით, ამ საკითხის განხილვა საკრებულოს კომპეტენციის ფარგლებს  სცდება.

"ამ ინფორმაციას მე უკვე დიდი ხანია ვფლობ. ჩვენ გვქონდა საუბარი ამასთან დაკავშირებით ცოტა გაფართოებულ ფორმატში. მოწვეული იყვნენ სპეციალისტები, რომლებიც კომპეტენტურები არიან ამ საკითხში. ჩვენ, რა თქმა უნდა, შევისწავლეთ ეს თემა, გადავეცით მერიას მოკვლევისთვის, რადგანაც კომპეტენციის მიხედვით, მერიას გარკვეულ ნაწილში ევალებოდა, მაგრამ იკვეთება, რომ ეს სცილდება ჩვენი  კომპეტენციის ფარგლებს და ამ ხალხს ვთხოვ მიმართონ შესაბამის ორგანოებს", - აცხადებს ლევან ონიანი.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მოქალაქე, რომელსაც საცხოვრებელი ფართიდან ასახლებენ, საცხოვრებელში თვითნებურად იყო შესახლებული, ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის მერიაში განუცხადეს.