ცხენის ხორცი საბავშვო ბაღებში

2019-02-20 12:36:22

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო ბაღებში ბავშვების კვების რაციონისთვის გათვლილი ცხენის ხორცის გამოვლენის მხოლოდ ოთხ შემთხვევას ადასტურებს.

სააგენტოს ინფორმაციით, რეგიონების სხვადასხვა დაწესებულებაში გასულ წელს ჩატარებული მოკვლევის შედეგად, საერთო ჯამში ცხენისა და ვირის ხორცის ამოღების 34 შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფო რუსთავი დაინტერესდა რა ხდება ამ მხრივ რუსთავის საჯარო ბაღებში. როგორც სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონალურ სამსახურში განაცხადეს, რუსთავის ბაღებიდან ცხენისა და ვირის ხორცის ამოღება არ მომხდარა. 

"ახალი საქართველოს" წევრის თეონა ჭალიძის განცხადებით, კონკრეტულად სამტრედიის საბავშვო ბაღი რვა თვის განმავლობაში მარაგდებოდა ცხენის ხორცით. მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ცხენის ხორცის რეალიზაციის შემთხვევები თბილისშიც არაერთხელ დაფიქსირებულა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურიშვილმა პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს გასულ წელს ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით არსებული შედეგები გააცნო. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა არ გამოვლინდა ხორცის ნიმუშებში, ხოლო დადგენილ ნორმაში შეუსაბამობა გამოვლინდა ნედლი რძის 15 ნიმუშსა და სუნელების 8 ნიმუშში.