ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, სოფიო ბეროშვილმა და პროექტების მართვის მენეჯერმა, ლაშა გეგეჭკორმა, კომპანიონ ცხოველთა ქვემო ქართლის ინტერმუნიციპალური თავშესაფარის კონცეპტუალური პროექტის პრეზენტაცია წარადგინეს.
შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისა და მათი საქმიანობის ინოვაციური მეთოდების შესახებ.
ინტერმუნიციპალური თავშესაფარი არის არაკომერციული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველთა პოპულაციის მართვას და სადაც ხორციელდება უპატრონოდ დარჩენილი ცხოველების მოვლა-პატრონობა ან პატრონის მოძიება.
პროექტების მართვის მენეჯერმა ლაშა გეგეჭკორმა განაცხადა, რომ: -"თავშესაფარი მოემსახურება რეგიონში არსებულ შვიდივე მუნიციპალიტეტს. მომსახურება მოახდენს მიუსაფარი ცხოველების გადმოყვანას თავშესაფარში, მათ სტერილიზაცია-კასტრაციას, მათი ყველანაირი დაავადებისგან განკურვნას"
შეხვედრას მხარისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
"დღეს ჩვენ შევხვდით სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელობას, რომლებსაც გარკვეული პერიოდის წინ შევუკვეთეთ საკმაოდ აქტუალური და რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა უპატრონო მიუსაფარ ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის კონცეფციასთან დაკავშირებით. იყო წარმოდგენილი პრეზენტაცია საკმაოდ საინტერესო, სადაც გაწერილია ყველანაირი ნიუანსი. ჩვენ უახლოეს მომავალში ამ კონცეფციის საფუძველზე უკვე დავიწყებთ ნაგებობის შესაბამის ინფრასტრუქტურის პროექტირებაზე მუშაობას და 2019 წელს აუცილებლად დავიწყებთ, ამ თავშესაფრის მშენებლობას მუნიციპალურ განვითარების ფონდთან ერთად"- განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილმა.
ცხოველთა პოპულაციის ჰუმანური გზით მართვის პროგრამა, გულისხმობს ცხოველთა დაჭერას, სტერილიზაციას, ვაქცინაციას და პირვანდელ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნებას.