სკოლებში ჩინური ენის სწავლება დაინერგება

2019-02-20 00:36:20

რამდენიმე დღის წინ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად, მოსწავლეებს სკოლაში ჩინური ენის სწავლა შეეძლებათ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ინფო რუსთავთან" განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ: "პირველ რიგში ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ხარისხობრივად უცხო ენის სწავლის მეთოდოლოგია სკოლებში. მოგეხსენებათ, რომ ინგლისური ენა არის სავალდებულო ენა უცხო ენის მხრივ, ხოლო მეორე სავალდებულო უცხო ენა არის არჩევითი. დღევანდელი მოცემულობით, დღეს არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე და ასევე საკადრო რესურსიდან გამომდინარე უმეტეს წილად ხდებოდა რუსული ენის არჩევა, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ევროინტეგრაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ გავზარდოთ უცხო ენების არჩევის შესაძლებლობები, როგორც ევროპული ენების ასევე აზიური ენების თვალსაზრისით, რადგან ჩვენ როგორც ფრანგული გერმანული, იტალიური და სხვა ევროპული ენების შესაძლებლობები უნდა შევთავაზოთ ჩვენს მოსწავლეებს, ასევე სურვილის და არჩევანის შემთხვევაში შესაძლებელია ჩინური ენის შესწავლის დანერგვა. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ რამდენად მნიშვნელოვანი მონაწილე გახდა ჩინეთი გლობალურ ეკონომიკაში."

საჯარო სკოლებში ჩინურ ენას შეასწავლიან. ნახეთ ვრცლად