ახალი სტანდარტი ბაღებში

2019-02-17 17:30:33

2020 წლიდან ბაღებში, ახალი სტანდარტების დანერგვა იგეგმება, რომლის მიხედვითაც თითოეულ ჯგუფში ბავშვების მიღების განსაზღვრული რაოდენობა იქნება.

რუსთავში, სულ 21 ბაღი და 6500 აღსაზრდელია, რომელთაგან 1500 ბაღს მიღმა არის დარჩენილი. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, არსებობს საფრთხე, იმისა, რომ სისტემის გარეთ დარჩენილი ბავშვების რაოდენობა გაორმაგდეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით "ინფო რუსთავის" კითხვას პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა უპასუხა და განაცხადა, რომ: - "პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში ქვეყნის მასშტაბით და მათ შორის რუსთავში, უმჯობესდება, როგორც ხელმისაწვდომობა, ასევე პირობები სასწავლო, კვებითი, სანიტარულ-ჰიგიენური საკითხები საბავშვო ბაღებში, თუმცა ვიდრე ჩვენ 1 ბავშვი მაინც გვეყოლება სისტემის გარეთ დარჩენილი ვერ ჩავთვლით, რომ პროგრამა არის სრულად წარმატებული. დღეისთვის ბუნებრივია, ახალი სტანდარტების დანერგვა მოხდება ეტაპობრივად, რომ არ გაუარესდეს ეს პირობები, როგორს პედაგოგთა, ასევე ბავშვებისა და მშობლების ინტერესების გათვალისწინებით"

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ეკა ხუციშვილი ამბობს, რომ: -"ყველა ბავშვი ვისაც აქვს ბაღის ასაკი ზოგი ელექტრონული ვერსიით, ზოგი განცხადების საფუძველზე აუცილებლად შემოვლენ ბაღში. თუმცა, თუ იმაზე ვიფიქრებთ და ვილაპარაკებთ, რომ კანონში მოცემული გვაქვს სტანდარტი, რომ ჯგუფში 30 ბავშვი უნდა გვყავდეს და ბაღში ბაგის ასაკში 25 ბავშვი, ამაზე თუ ვიმსჯელებთ მაშინ რასაკვირველია შეიძლება, რომ ვერც შემოვიდნენ, თუმცა ჯერ კანონში ასე იმპერატიულად მოთხოვნა არავის არ ჩაუწერია, რომ ეს ბავშვები არ მიიღოთ"

მან ასევე ისაუბრა სისტემის გარეთ დარჩენილ 1500 ბავშვთან დაკავშირებულ პრობლემების გადაჭრის გზებზე. მისი თქმით, 2 ახალი ჯგუგი დაემატება #20 ბაღს, ასევე სამუშაოები მიმდინარეობს #27 ბაღში, სადაც კიდევ 2 ჯგუფი განთავსდება. #36 ფილიალის 3 ჯგუფის აღდგენითი სამუშაოებისთვის პროექტი ტენდერში ჩაეშვა და სექტემბრის თვიდან ამ ბაღსაც 3 ჯგუფი დაემატება და ბავშვებს შეეძლებათ სასწავლო-სააღმზრდელო პროცეში ჩართვა.