"მითხრეს რომ შენ ბინაში უცხო პირები არიან" [video]

2019-02-13 00:39:17

რუსთავში, მე-20 მიკრორაიონში, სამი მამაკაცი საცხოვრებელ ბინაში ფარულად შეიჭრა და ქურდობა სცადა. [ვიდეო/video]

არსებული ინფორმაციით, 2 მათგანი საქართველოს მოქალაქე არ არის.

ბინის მფლობელის თქმით, შემთხვევის დროს სახლში არავინ არ იმყოფებოდა. უცხო პირების მათ სახლში შესვლის შესახებ ინფორმაცია მეზობელმა მიაწოდა.

"მეზობლებმა გვაცნობეს, რომ ჩვენს სახლში შემოსული იყო ორი ადამიანი. ეგრევე წამოვედი სამსახურში ვიმყოფებოდი და ზარი განვახორციელეთ 112-ში. სანამ სამსახურიდან სახლში მოვედი, დამხვდა, რომ დაკავებული იყო 3 პიროვნება. იპარავდნენ, რაც მოხვდათ ხელთ, თანხა იყო ცოტაოდენი დანაზოგი ოჯახში, ძვირფასეულობა, რამდენიმე ნაკეთობა და ბიჟუტერია. მადლობა მინდა გადავუხადო რუსთავის პოლიციას რომ ისინი შეტყობინებიდან რამდენიმე წამში მოვიდნენ", - განაცხადა ბინის მფლობელმა.

ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, სამართალდამცავებმა ოპერატიული რეაგირების შედეგად მამაკაცები ცხელ კვალზე დააკავეს.