რა იქნა აღმოჩენილი საცხოვრებელ ბინაში

2019-02-17 00:54:15

რუსთავში სასტიკად ნაწამები 13 წლის ბიჭის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც "ინფო რუსთავს" უამბეს ძმიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 29 წლის ვალერი ირემაძის საცხოვრებელ სახლში ფსიქოტროპული მედიკამენტები იქნა აღმოჩენილი. არსებული ინფორმაციით ბრალდებულს მკვლელობამდე 2 კვირით ადრე მძიმე დეპრესია ჰქონდა, ის თავს შეუძლოდ გრძნობდა და მკურნალობას ითხოვდა. ვალერის მეგობრები პირად საუბრებში აღნიშნავენ რომ ბოლო 10 დღე ის სახლიდან საერთოდ არ გამოდიოდა, მისი ძმისშვილისგან კი იცოდნენ რომ მამაკაცს ჰალუცინაციები დაეწყო და ხშირად აღნიშნავდა რომ მას უთვალთვალებენ, რის გამოც ყველას სათანადოდ გაუსწორდება. 

მკვლელობის წინა დღეს მან საკუთარი მამა ცემა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებთან საუბარში მან განაცხადა რომ წაიქცა და თავი იატაკს დაარტყა. ბინაში დაბრუნებულ მამას შვილი ისევ აგრესიული დახვდა, რის გამოც მან რძალს სთხოვა სახლიდან წასულიყვნენ და მცირეწლოვანი ბავშვიც წაეყვანათ.

იქიდან გამომდინარე რომ მამა-შვილს კონფლიქტი ჰქონდათ 13 წლის ბიჭმა სახლში დარჩენა ამჯობინა და უთქვამს რომ, ვთხოვ და იქნებ ჩემი ხათრით პაპას ფიზიკურად აღარ გაუსწორდესო. ვალერის მეგობრები აშნიშნავენ რომ ბიძას და ძმის შვილს განსაკუთრებულად უყვარდათ ერთმანეთი, ბრალდებული მას შვილად მიიჩნევდა.

მეზობლების ინფორმაციით მკვლელობის დღეს ვალერის სავარაუდოდ ფსიქოტროპული აბები ჰქონდა მიღებული, ერთერთი მეგობარისთვის მას უთქვამს რომ ერთი ფირფიტა მთლიანად დავლიეო. მეგობრებმა ასევე გაარკვიეს რომ ბრალდებული წამლებს სააფთიაქო ქსელში ექიმის ცნობის დახმარებით ხშირად ყიდულობდა.

შეგახსენებთ რომ მკვლელობა 10 თებერვალს დილის საათებში მოხდა, ბიძამ ძმისშვილი დანით მოკლა, მეგობრების თქმით მათ ვალერი ირემაძე წინა დღეს თბილისში, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს თუმცა მათ ადგილზე თანხა მოსთხოვეს, რისი არ ქონის გამოც შენობა დაატოვებინეს, აღნიშნულ ინფორმაციას ფსიქიატრიული დაწესებულების ადმიინისტრაცია უარყოფს.

ბრალდებულს მოსამართლემ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.