ექიმი: "პაციენტი პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება"

2019-02-11 11:50:36

12 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული 29 წალის მამაკაცი წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ექიმების გადაწყვეტილებით, გუშინ, რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს.

რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ინფო რუსთავს განუცხადეს, რომ პაციენტს უკვე გაეწია შესაბამისი დახმარება და ის ამ დროისთვის პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, 29 წლის მამაკაცი ფსიქიატრიულ ცენტრში დროებითაა მოთავსებული და იქ ბრალის წარდგენამდე დარჩება.

შეგახსენებთ, გუშინ რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში მკვლელობა მოხდა. 29 წლის ბიძამ 12 წლის ძმის შვილს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.