დატბორილი ეზო რუსთავში
2019-02-10 17:50:09

რუსთავში, მე-14 მიკრორაიონის #46 ბინის მცხოვრებლების ნაწილმა ინფო რუსთავს კორპუსში არსებული პრობლემების მოგვარებაში დახმარება სთხოვა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ საკანალიზაციო მილი ამორტიზებულია და ფეკალური მასები საცხოვრებელი კორპუსის სარდაფებში ჩაედინება.

ინფო რუსთავის ჟურნალისტები სიტუაციის გასაცნობად ადგილზე მივიდნენ.

როგორც ჩვენთან საუბრისას კორპუსის მცხოვრებლებმა განაცხადეს, ისინი 2 დღის განმავლობაში რეკავდნენ კომპანია "რუსთავის წყალის" და ასევე რუსთავის მერიის ცხელი ხაზის ნომრებზე და დახმარებას ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ.

კომპანია "რუსთავის წყალის" წარმომადგენლის თქმით, კომპანიის ტექნიკური სამსახური ადგილზე გუშინაც მუშაობდა და ხარვეზები გამოსწორდა, თუმცა საკანალიზაციო სისტემას დღესაც შეექმნა პრობლემა.

მას შემდეგ, რაც კორპუსის მცხოვრებლები საინფორმაციო სააგენტოს დაუკავშირდნენ, ადგილზე მივიდა შესაბამისი სამსახური და ამ ეტაპზე საცხოვრებელი ბინის ეზოში პრობლემის აღმოსაფხვრელად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.