რა ხდებოდა მკვლელობის დღეს რუსთავში

2019-02-11 00:34:32

ინფო რუსთავისთვის, რუსთავში მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცმა, რომელმაც რუსთავში ძმისშვილი მოკლა, ჯერ საკუთარი მამა სცემა. ფიზიკური დაპირისპირების დროს მამა აგრესიულ შვილს ხელიდან დაუსხლტა, 29 წლის მამაკაცი კი მას დანით გამოეკიდა. სწორედ ამ დროს გამოვიდა ოთახიდან 12 წლის ბიჭი და ბიძას დამშვიდებისკენ მოუწოდა.

მამამ ჩხუბის დროს სახლი დატოვა და მეზობლებს დახმარების მიზნით მიმართა, ამ დროს კი მისმა 29 წლის შვილმა კარი გადაკეტა და ძმისშვილს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ბავშვი ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა თუმცა დაკეტილ კარს მეზობლები ვერ აღებდნენ. ერთერთმა მეზობელმა მოახერხა და ბინაში ფანჯრიდან შეაღწია, პირველად სწორედ მან ნახა საზარელი სურათი. მეზობელი აცხადებდა რომ ოთახებში სისხლის გუბეები იდგა. 

ადგილობრივების ინფორმაციით,  ამასობაში კორპუსთან პოლიცია მივიდა. სამართალდამცავებმა ბინის კარის შემტვრევა დაიწყეს. კარების მტვრევის ხმაზე მამაკაცი ფანჯრიდან გადმოხტა და გაქცევა სცადა, თუმცა პოლიციამ ის ადგილზე დააკავა.

12 წლის მოზარდი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა. ჩვენი ინფორმაციით, ბიჭის ცხედარი სააბაზანოში იპოვეს, საცხოვრებელი სახლის სხვა ოთახებს კი სისხლის კვალი ეტყობოდა.

მეზობლების თქმით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და პერიოდულად არაადეკვატური ხდებოდა.

როგორც ინფო რუსთავს ადგილობრივებმა განუცხადეს, მამაკაცი, რომელმაც დღეს დილით ძმისშვილი მოკლა, დაოჯახებულია. მათივე თქმით, მკვლელობის დღეს სახლში მისი ოჯახი არ იმყოფებოდა, რადგან მამაკაცი აგრესიული იყო და ცოლ-შვილი ოჯახის უფროსის თხოვნით ბინიდან გაარიდეს.

12 წლუს ბიჭი ბიძასთან და ბაბუასთან შაბათ-კვირის გასატარებლად სტუმრად იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში დღეს დილით საზარელი მკვლელობა მოხდა. 29 წლის ბიძამ 12 წლის ძმისშვილს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.