ქუჩური გარჩევა დასჯადი ხდება

2019-02-09 14:20:02

ე.წ. ქუ­ჩუ­რი გარ­ჩე­ვა 2 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით და­ის­ჯე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

შსს-ს ინიციატივით, მოხდება ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ დავის გადაწყვეტის მიზნით შეკრებაში მონაწილეობისთვის კანონი გაითვალისწინებს როგორც საჯარიმო სანქციას, ისე პატიმრობას - ვადით 2 წლამდე. შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის თქმით, კანონით ისჯება როგორც აქტიური მონაწილეობა ასეთ გარჩევაში,  ისე პასიური მონაწილეობაც და დასწრებაც, ოღონდ წინასწარი შეცნობით:

"ანუ პირი თუ აცნობიერებს, რაში იღებს მონაწილეობას და თავისი აქტიური ქმედებებით მხარდაჭერას გამოხატავს იმიტომ, რომ ძალიან ხშირად, მარტივად რომ ვთქვათ, ადგილზე ყოფნაც - გააჩნია ადამიანების რაოდენობას - მსხვერპლში შიშის განცდას იწვევს-ხოლმე", - ამბობს ნათია მეზვრიშვილი.

კანონპროექტის  დამტკიცების შემდეგ ქუჩური გარჩევის, ისევე როგორც სხვა დანაშაულის დასჯას  შსს-ს საპატრულო ეკიპაჟები აღასრულებენ.

ქუჩური გარჩევის პრევენციაში ჩართულები იქნებიან მართლწესრიგის ოფიცრები. ის ინსიტუტი, რომლის წარმომადგენლებიც უკვე გამოჩნდნენ დედაქალაქის ქუჩებში. ეს ადამიანები მოქალაქეებთან დანაშაულის პრევენციის მიზნით იმუშავებენ.

ძალოვან უწყებაში განმარტავენ, რომ ქუჩური გარჩევის კრიმინალიზება ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ გამოცხადებული  უკომპრომისო ბრძოლის გაგრძელებაა. მისი მიზანი ქვეყანაში ქურდული სამაყაროსა და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის აღმოფხვრაა.

მეზვრიშვილის თქმით, გარდა პატიმრობისა, არის ალტერნატიული სანქციებიც ჯარიმის და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის სახით.

"კანონპროექტს მთავრობის მომავალი კვირის სხდომაზე წარვადგენთ, შემდეგ პროცედურულად პარლამენტში წავა და იქ დაიწყება განხილვები. ეს არის ე.წ. კრიმინალური მენტალიტეტის თემა, ასე ვუწოდებდი ამ კანონს, რომელიც ქუჩური გარჩევების საკითხს არეგულირებს და ქუჩური გარჩევების კრიმინალიზებას ახდენს. მაგალითად, წარმოვიდგინოთ ორი დაჯგუფება ქუჩაში შეიკრიბა და ძალადობის, ძალადობის მუქარის, ან სხვა უკანონო მეთოდების გამოყენებით, მათ შორის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, ცდილობს ერთმანეთში არსებული დაპირისპირების გადაჭრას. ამ ტიპის ქმედებებზე სს კოდექსში ცალკე მუხლი არ არსებობს. გვაქვს ხულიგნობა, იარაღის ტარება, მკვლელობის მცდელობა, მაგრამ ამის მარეგულირებელი სპეციალური მუხლი არ არსებობს.

დაჯგუფებები, რომლებიც ქუჩაში დაიწყებენ დაპირისპირების გარჩევას და ამ გარჩევის დროს გამოიყენებენ უკანონო მეთოდებს, დაისჯებიან სს წესით, რაზეც კანონპროექტის მიხედვით, სხვადასხვა ტიპის სანქციებია გათვალისწინებული. მათ შორის, თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით. ასევე, არის ალტერნატიული სანქციები - ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. თანხის მინიმალური ოდენობა კონკრეტული მუხლებით განსაზღვრული არ არის, გვაქვს სს კოდექსი, სადაც ზოგადად ჯარიმის მინიმალური ოდენობა არის განსაზღვრული, მაქსიმალური ოდენობა დადგენილი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლეს შეუძლია ნებისმიერი ოდენობის ჯარიმა გამოიყენოს პირის მიმართ.

ქმედების შინაარსიდან გამომდინარე, ამას თუ მძიმე შედეგი მოჰყვა, მაგალითად, დაიწყო გარჩევა, ერთმანეთის მიმართ ძალადობა გამოიყენეს და ძალადობას მოჰყვა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, დამატებითი კვალიფიკაცია მოხდება შესაბამისი მუხლით",- განაცხადა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა.