ინდუსტრიული ჰაბის მშენებლობა [video]

2019-02-08 20:41:42

რუსთავში, ინდუსტრიული ჰაბის მშენებლობასთან დაკავშირებით, დღეს "ტვ პირველის" ეთერში ინფო რუსთავის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩომახაშვილმა ისაუბრა. [ვიდეო/video]

ინდუსტრიული ჰაბის მშენებლობის შესახებ გადაცემა "ანალიტიკაში" ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

ქალაქ რუსთავის სამრეწველო ზონაში 400 ჰექტარი მიწის ფართობზე ინდუსტრიული ქალაქი უნდა აშენდეს. საინვესტიციო კომპანიის დამფუძნებლის თქმით, კანადურ კომპანიასა და საქართველოს სახელმწიფოს შორის მემორანდუმის გაფორმება ამ საკითხთან დაკავშირებით 20 თებერვალს იგეგმება.

საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვდრა უკვე გამართა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ, სადაც "კამკონ ინვესტმენტის" წარმომადგენლებმა მინისტრს პროექტის პრეზენტაცია წარუდგინეს.

პროექტი ინდუსტრიული ჰაბის, ლოჯისტიკური ცენტრისა და კომუნიკაციათა კომპლექსის მშენებლობასაც ითვალისწინებს. წინასწარი გათვლებით, პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე დაგეგმილია 4000-ზე მეტი ადგილობრივი მუშახელის დასაქმება, ხოლო მშენებლობის პროცესში მხოლოდ ადგილობრივი წარმოების სამშენებლო მასალის გამოყენება.

ცნობილია პროექტის საინვესტიციო ღირებულებაც, კანადური კომპანია პროექტში 400 მილიონი ევროს დაბანდებას აპირებს.

კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსთავის ინდუსტრიულ ქალაქად გადაქცევა უნდათ. მათი თქმით, "კამკონ ინვესტმენტმა" უკვე გააფორმა ხელშეკრულება 30 კომპანიასთან, მსურველი კი გაცილებით მეტია. "კამკონ ინვესტმენტის" გეგმების მიხედვით, პროექტში ჩართული კომპანიების რაოდენობა 200-მდე უნდა გაიზარდოს.