განცხადებების მიღება 15 მარტის ჩათვლით მოხდება

2019-02-08 19:44:09

მერიაში, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკარო პირთა დროებით საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე კომისიის წევრებმა დროებით საცხოვრისში ფართის მიღების მსურველთა მხრიდან წარსადგენი საბუთების, მათი ინფორმაციული უზრუნველყოფისა და დოკუმენტაციის მიღების საბოლოო ვადის დადგენის შესახებ იმსჯელეს.

როგორც კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი, განაცხადებების მიღება სოციალურ საცხოვრისში ფართის მიღების თაობაზე 15 მარტის ჩათვლით მოხდება.

სოციალური საცხოვრისში ფართის მიღების მსურველმა მუნიციპალიტეტში შემდეგი დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს:

1. ბენეფიციარის ან/და მისი წარმომადგენლის განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
2.განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. განმცხადებლის ოჯახის წევრების დაბადების და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
4. ცნობა საჯარო რეესტრიდან, ბენეფიციარისა და მისი ოჯახის წევრის სახელზე ქონების რეგისტრაციის შესახებ;
5. ინფორმაცია რეგისტრაციის ადგილის თაობაზე სახელმწიფო სერვისების განვიტარების სააგენტოდან;
6. ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

შეგახსენებთ, სოციალურ საცხოვრისში შესახლების მთავარ კრიტერიუმად რუსთავში ცხოვრების 20 წლიანი პერიოდია განსაზღვრული. ოჯახი, რომელიც რუსთავის მერიისგან სოციალურ საცხოვრებელ სახლში 30 კვ.მ. ფართს მიიღებს, უნდა ფიქსირდებოდეს სოციალურად დაუცველთა ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა უნდა იყოს 150 000-ზე ნაკლები, ასევე ქონება არ უნდა უფიქსირდებოდეს ოჯახის რომელიმე წევრს სხვა რეგიონში. კრიტერიუმებში შედის მრავალშვილიანობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ყოლა ოჯახში, ასევე კრიტერიუმების მიხედვით უპირატესობა ენიჭებათ ვეტერანებს, მარჩენალდაკარგულებს, პენსიონერებს და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსულებს. ამ პირობების არსებობის შემთხვევაში, ზემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტაციასთან ერთად, განმცხადებელმა მუნიციპალიტეტს უნდა წარუდგინოს დამატებით დამადასტურებელი დოკუმენტაციაც.

როგორც ინფო რუსთავთან საუბრისას რუსთავის მერის მოადგილემ, გოჩა ლორიამ აღნიშნა, მერიაში უკვე დაახლოებით 100 განაცხადია შესული საცხოვრისში ფართის მიღების თაობაზე. მისი თქმით,  განმცხადებლებს დაურიგდებათ საინფორმაციო სახის წერილები, რომელშიც მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია და შესახლების მთავარი კრიტერიუმები იქნება ჩამოთვლილი.