"ის არის პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი"

2019-02-08 16:26:40

რუსთავში, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მხარდამჭერებს შეხვდნენ.

შეხვედრის შემდეგ აქტივისტებმა კოსტავას გამზირზე გადაინაცვლეს და დავით კირკიტაძის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობა გამართეს.

როგორც ოპოზიციის ლიდერებმა აღნიშნეს, დავით კირკიტაძე პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსთავში მისი ლიდერობით ოპოზიციამ "ქართული ოცნების" დამარცხება შეძლო.

"დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა კიდევ ერთხელ შევხვედროდით რუსთავის აქტივს. იმ აქტივს, რომელთან ერთადაც იბრძოდა დავით კირკიტაძე. დავით კირკიტაძე დღეს არის პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი, ქართულმა ოცნებამ დათოს არ აპატია ის, რომ ის არის ჩვენი პარტიის გამორჩეული ლიდერი. ქართულმა ოცნებამ არ აპატია დავით კირკიტაძეს ის, რომ მან საპრეზიდენტო  არჩევნების ორივე ტურში დამაჯერებლად დაამარცხა ქართული ოცნების კანდიდატი. დღეს, სამწუხაროდ, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი რკინის ჯაჭვით უსწორდება ფიზიკურად ევროპის ჩემპიონს და მას გირაოთი უშვებენ ციხიდან და დავით კირკიტაძეს მხოლოდ აკავებენ, რომ ის საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა", - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელი დავით კირკიტაძე 17 დეკემბერს კახეთში დააკავეს.

კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წარდგენილი. მას ინაუგურაციის დღეს ველისციხეში მომხდარი დაპირისპირებისას პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას და დაუმორჩილებლობას ედავებიან.