გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა

2019-02-04 18:35:38

2018-2019 სასწავლო წელს მე-11 და მე-12 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნა.

სკოლის დამამთავრებელი გამოცდების გაუქმებამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა ყველა შეთანხმდა, რომ სკოლა არა გამოცდაში მაღალი ქულის მიღებაზე, არამედ აზროვნებისა და ანალიზის განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

ინფო რუსთავი, დაინტერესდა რას ფიქრობენ რუსთავის საჯარო სკოლის დირექტორები და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ე.წ CAT-ის გამოცდების გაუქმებაზე.

აღმოჩნდა, რომ მათი დიდი ნაწილი გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას მიესალმება და ფიქრობს, რომ დამამთავრებელი კლასის გამოცდებმა მოქმედი ფორმატით აზრი დაკარგა.

"მე ვფიქრობ, რომ კატის გამოცდებიც და ეროვნული გამოცდებიც ერთი ტიპის იყო. კატის გამოცდები ძირითადად ინფორმაციის ცოდნაზე იყო გათვლილი, ეროვნული გამოცდები კი ინფორმაციის ცოდნასთან ერთად აზროვნების უნარზეც. მე ვთვლიდი, რომ ამ ორი ერთნაირი ტიპის გამოცდიდან სასურველი იყო ერთ-ერთი დაეტოვებინა სამინისტროს, უფრო უპრიანი ეროვნული გამოცდების დატოვება იყო, ამიტომაც ვაფასებ დადებითად ამ გადაწყვეტილებას", - განაცხადა #24 საჯარო სკოლის დირექტორმა მანანა გოგოლაძემ.

ინფო რუსთავი კომენტარისთვის ასევე დაუკავშირდა რუსთავის ერთ-ერთი ყვველაზე მოთხოვნადი სკოლის დირექტორს მამუკა ხამხაძეს.

"კატის გამოცდის არსებობამ მოქმედი ფორმატით აზრი დაკარგა რამდენიმე მიზეზის გამო. გამოცდაზე მიღებულ შედეგს არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ამასთან, სკოლა მე-11-12 კლასებში დიდწილად ორიენტირებული იყო  გამოცდებზე და ამან არაჯანსაღი ატმოსფერო შექმნა, ხელოვნურად წაახალისა რეპეტიტორობა. თუმცა კატის გამოცდის გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ ატესტატი ყველამ უნდა აიღოს ავტომატურად, ვინც სკოლაში დადის. მოსწავლე უნდა გაისარჯოს ატესტატის ასაღებად. რაც შეეხება მე-12 კლასელებისათვის  წელსვე გამოცდის გაუქმებას, ეს უფრო ჰუმანური აქტია, ვიდრე ახალგაზრდის სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებული", - აცხადებს #4 სკოლის დირექტორი მამუკა ხამხაძე.

სასკოლო საგამოცდო სისტემის ცვლილებას დადებითად შეხვდნენ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები.

"სკოლის გამოსაშვები გამოცდები, ჩემი აზრით, მოსწავლეების რეალურ ცოდნას ვერ აფასებდა და თავის ფუნქციას ვერ ასრულებდა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ გამოცდებს რეალური შედეგი არ მოჰქონდა, მე-12 კლასელებისთვის, რომლებსაც ეროვნული გამოცდებიც აქვთ ჩასაბარებელი, საატესტატო გამოცდები ზედმეტი სტრესი იყო", - აცხადებს ინფო რუსთავთან საუბრისას მე-12 კლასელი ანი ჯვარიძე.

"გამომდინარე იქიდან რომ, კატის ფორმატის გამოცდა არ აღმოჩნდა ინდიკატორი ბავშვების რეალური ცოდნისა, ბუნებრივია ასეთი გამოცდის გაუქმება. თუმცა ეს ავტომატურად მოითხოვს გარკვეული მექანიზმის შემუშავებას, რომლის მიხედვითაც გაიცემა ატესტატი", - აღნიშნა მე-12 კლასელმა თემურ ხუტუაშვილმა.