ჩაანაცვლებს თუ არა რეპეტიტორებს სკოლა

2019-01-24 16:54:47

2020 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება ზოგად უნარებში სავალდებულო აღარ იქნება.

როგორც განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, საგამოცდო სისტემის ცვლილების მიზანი ერთიანი ეროვნული გამოცდების საკითხების სასკოლო პროგრამასთან დაახლოება გახდა.

მისი თქმით, არ შეიძლება სხვაობა იყოს უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებელი გამოცდის საკითხებსა და სკოლის საგნებს შორის. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სკოლას უნდა დაუბრუნდეს თავისი ფუნქცია და მშობელს არ უნდა ჰქონდეს დიდი ხარჯი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში არაფერში გამოადგება.

საგამოცდო სისტემის ცვლილებამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. აქტიურად დაიწყო მსჯელობა მის დადებით და უარყოფით მხარეებზე, იმაზე, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ ყველაფერმა საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაზე.

თუმცა, ზოგადი უნარების გამოცდის ერთიანი ეროვნული გამოცდების სავალდებულო საგანთა ნუსხიდან ამოღებამ ერთი კონკრეტული საკითხი, შეიძლება ითქვას, გარდაუვალი გახადა.

მშობლებისთვის ხარჯის შემცირება, ფაქტია, გულისხმობს რეპეტიტორების ჩანაცვლებას სკოლის გაძლიერების ხარჯზე, ამ პროფილით მომუშავე რეპეტიტორებს კი, შესაძლოა, მოსწავლეთა რაოდენობა საგრძნობლად შეუმცირდეთ.

როგორც საგამოცდო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებულ პრეზენტაციაზე განმარტეს, უნივერსიტეტებს უფლება ექნებათ, თავიანთი პროგრამის რელევანტური და არჩევითი გამოცდა (მათ შორის ზოგადი უნარები) სურვილის შემთხვევაში თავად დაამატონ ერთიანი ეროვნული გამოცდების საგანთა სიას.

სტატისტიკა, რომელიც წლებია არ იცვლება, აჩვენებს, რომ ზოგადი უნარები ის საგანია, რომელშიც უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების მსურველთა ყველაზე დიდ ნაწილს ზღვარის გადალახვა უჭირს.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასული წლის სტატისტიკამ აჩვენა, რომ ზოგადი უნარების გამოცდაში აბიტურიენტთა დაახლოებით 13%-მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, როცა დანარჩენ სავალდებულო საგნებში ეს მონაცემი 6%-ს თითქმის არ სცდება.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ გამოცდა, რომელიც აბიტურიენტების ანალიტიკური აზროვნების უნარს ამოწმებს, ერთ-ერთი ყველაზე რთულია მათთვის, ამიტომაც ეროვნულ გამოცდებზე მისი გამოცდების ნუსხაში დატოვების უფლების უნივერსიტეტებისთვის მინიჭებამ, შეიძლება უნივერსიტეტების მხრიდან მეტი სტუდენტის მოზიდვისა და სწავლის ხარისხს შორის არჩევნის გაკეთების საკითხი დააყენოს.

"ინფო რუსთავთან" საუბრისას რუსთაველი მშობლების ნაწილი მინისტრის გადაწყვეტილებას ზოგადი უნარების გამოცდასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს. მათი თქმით, რუსთავში აბიტურიენტის ზოგად უნარებში მომზადების ღირებულება საშუალოდ 900-1000 ლარია, ამიტომაც მათთვის, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ისეთი საგნის სავალდებულო საგანთა სიიდან ამოღება, რომლის სწავლის საშუალებაც ბავშვებს სკოლაში არ აქვთ, მისასალმებელია.