"ბუნებრივ აირზე გაზრდილი გადასახადი მოგვივიდა"

2019-02-03 00:47:51

რუსთავის მოსახლეობის ნაწილი ბუნებრივ აირზე დარიცხულ გაზრდილ გადასახადს აპროტესტებს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, წინა თვეებთან შედარებით, მიმდინარე თვეში გაორმაგებული გადასახადი დაერიცხათ.

"ინფო რუსთავს" ათობით ადამიანი დაუკავშირდა, რომლებიც აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირის გადასახადი იანვრის თვეში, წინა თვეებთან შედარებით, გაორმაგებული თანხა დაერიცხათ და მრიცხველის ჩვენება არარეალურია, რადგან გაზს იგივე რაოდენობით მოიხმარენ.

რამდენიმე მომხმარებელმა განაცხადა, რომ იანვრის თვეში საქართველოში საერთოდ არ იმყოფებოდა, მაგრამ გადასახადი თითქმის იგივე დაუფიქსირდა, რაც დეკემბრის თვეში.

"31 დეკემბრის შუადღიდან 20 იანვრის საღამომდე არ ვიყავი სახლში. ქვითარი კი 26 დეკემბრიდან 27 იანვრის ჩათვლით იყო მოსული. მიუხედავად იმისა, რომ სახლში ამდენი დღე არ ვიმყოფებოდი, გადასახადი თითქმის იგივე მომივიდა, რაც ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის 26-მდე იყო მოსული" - მოგვწერა მომხმარებელმა დეა მინაძემ.  

"ინფო რუსთავი" კომენტარისთვის "სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენელს, გელა წერეთელს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ტარიფი ბუნებრივ აირზე გაზრდილი არ არის და მომატებულ გადასახადს იანვრის თვეში დღესასწაულების სიმრავლეს უკავშირებს.

"ნებისმიერს შეუძლია გადაამოწმოს თავისი მრიცხველი. რაც მრიცხველზე დაიწერა ის უნდა გადაიხადონ ზუსტად. შეუძლებელია ასეთი რამ მომხდარიყო.  ჩვენ ანათვალს ვიღებთ 28 რიცხვში ყოველ თვე, უბრალოდ, 28 დეკემბრიდან 28 იანვრამდე მოყვა დღესასწაულები და მომხმარებელმა მეტი გაზი მოიხმარა", - აცხადებს "სოკარ ჯორჯია გაზის" მენეჯერი გელა წერეთელი.