ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტები

2019-02-09 10:08:57

2018 წელს რუსთავში მშენებლობაზე გაცემული ნებართვები 2017 წელთან შედარებით შემცირებულია.

რუსთავის არქიტექტურის სამსახურის მიერ "ინფო რუსთავისთვის“ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს რუსთავში 245 სამშენებლო ნებართვა გაიცა, 2017 წელს კი 459. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს გაცემული ახალი ნებართვიდან 69 ინდივიდუალურ (კერძო) სახლების მშენებლობაზე გაიცა.

ინფო რუსთავი დაინტერესდა თუ რამ გამოიწვია სამშენებლო ნებართვების შემცირება. როგორც არქიტექტურის სამსახურში განმარტეს 2017 წელს სამსახურს მოსახლეობა ძირითადად ლოჯიების მშენებლობასთან დაკავშირებით მიმართავდა და მშენებლობის ნებართვების მეტი წილი სწორედ ლოჯიების მშენებლობაზე მოდიოდა, 2018 წლიდან კი აღნიშნული სამუშაოების განხორციელება მხოლოდ წერილობითი თანხმობით გახდა შესაძლებელი.

რაც შეეხება კონკრეტულად ინდივიდუალურ და მრავალბინიან შენობებს, არქიტექტურის სამსახურის სტატისტიკის მიხედვით გაცემულ ნებართვებში ინდივიდუალურ საცხოვრებელი სახლების წილი ბევრად აღემატება მრავალბინიანი შენობების რაოდენობას და ეს წლების განმავლობაში უკვე მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს.

მერიის არქიტექტურის სამსახურმა გასულ წელს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე მხოლოდ 7 ნებართვა გასცა, კომერციულ ობიექტებზე კი 73 ნებართვაა გაცემული.

რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს ექსპლუატაციაში მიღებული იქნა 71 ობიექტი.