NDI-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევა

2019-01-30 12:02:46

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი" უკანასკნელი კვლევის მეორე, პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა 53% დასავლური სტილის დემოკრატიულ რესპუბლიკას, 10% ყოფილი საბჭოთა კავშირის სისტემას, 10% კი, ძლიერ ავტორიტარულ სისტემას უჭერს მხარს.

კითხვაზე, რომელი პოლიტიკური სისტემაა საქართველოსთვის ყველაზე შესაფერისი, გამოკითხულთა 53%-მა უპასუხა, რომ დასავლური სტილის დემოკრატიული რესპუბლიკა. გამოკითხულთა 11% ფიქრობს, რომ საქართველოსთვის შესაფერისია სისტემა, რომელსაც ბევრი საერთო აქვს საბჭოთა სისტემასთან, მაგრამ უფრო დემოკრატიული და ბაზარზე ორიენტირებულია.

გამოკითხულთა 10% ყოფილი საბჭოთა კავშირის სისტემას უჭერს მხარს; ასევე 10% უჭერს მხარს ძლიერ ავტორიტარულ სისტემას, რომელიც წესრიგს თავისუფლებაზე მაღლა აყენებს.

გამოკითხულთა 2% კი მონარქიის ან ავტოკრატიის მომხრეა, სადაც მმართველობა თაობიდან თაობას გადაეცემა.

გარდა ამისა, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის არჩევა უნდა მოხდეს პირდაპირი წესით. 2018 წლის გამოკითხვის თანახმად, კითხვაზე, რომელ მოსაზრებას ეთანხმებით, გამოკითხულთა 85% აცხადებს, რომ პრეზიდენტის არჩევა უნდა მოხდეს პირდაპირი არჩევნების წესით, ხალხის მიერ. 11% კი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩოს ხალხის მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა(მაგალითად, საკრებულოს წევრებმა, პარლამენტარებმა.)

კვლევებმა ასევე აჩვენა, გამოკითხულთა უმეტესობისთვის, მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას.

უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე: რომელი პარტია დგას თქვენ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?, პასუხები ასე გადანაწილდა: „არც ერთი პარტია“ – 36 %, „ქართული ოცნება“ – 27 %, „ნაციონალური მოძრაობა“ – 12 %, „უარი პასუხზე“ – 9 %, „არ ვიცი“ 5 %, „ევროპული საქართველო“ – 3 %, „პატრიოტთა ალიანსი“ – 3 %, „სხვა პარტიები“ – 7 %.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.