ბოლო პერიოდში ქალაქის ქუჩებში მცირე ზომის სავაჭრო ობიექტები გამოჩნდა. ჯიხურები ხშირ შემთხვევაში ცენტრალური გზის სიახლოვესაა განთავსებული. ბოლო 1 თვის მანძილზე 2 ჯიხური მეგობრობის გამზირზე დადგეს. სოციალურ ქსელში განთავსებულ ჯიხურების ფოტოებს, მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა. მათი თქმით, ობიექტები შეუსაბამო ადგილებზეა განთავსებული, რაც ქალაქის იერსახეს ამახინჯებს, გარდა ამისა მოსახლეობის აზრით, ჯიხურებმა, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა საგზაო მოძრაობას შეუშალოს ხელი.
არქიტექტურის სამსახურში თვლიან, რომ ზემოთ აღნიშნული ობიექტები არც ქალაქისთვის და არც მოსახლეობისთვის პრობლემას არ ქმნის. არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი ეკა პაპუაშვილი „ინფო რუსთავთან“ აცხადებს - „ჯიხურების განთავსების ნებართვას მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიძლევით, თუ ობიექტი ხილვადობას, საზგზაო მიმოსვლას და საფეხმავლო ტერიტორიას არ ზღუდავს“.