საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზი დატოვა

2019-01-10 14:36:36

რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ტრანსპორტის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ხმაურის ფონზე წარიმართა.

სხდომაზე ცხარე კამათი მიმდინარეობდა, ერთმანეთს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და სამუშაო ჯგუფის წევრები დაუპირისპირდნენ.

პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა, რომელმაც დარბაზში მიმდინარე პროცესს გარკვეული ძალების მიერ პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

"ჩვენ არ გვინდა იაფფასიანი პოლიტიკური ქულების დაწერა, ეს არის სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უნდა მიიღოს შედეგი. დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომელიც დგას რუსთავის მოსახლეობის წინაშე და ეს არის აუცილებლად გადასაჭრელი. მე არ მივცემ იაფფასიან პოლიტიკოსებს ქულების დაწერის საშუალებას და ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ. თუ არ შედგება შედეგზე ორიენტირებული სამუშაო ჯგუფი, დაზარალდება რუსთავის მოსახლეობა. დიდ მადლობას ვუხდი მძღოლებს, რომ დაწიეს ფასი და მოგვცეს იმის საშუალება, გაგვეკეთებინა სწორი ანალიზი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ 20 დღეში პრობლემა იქნას გადაჭრილი. თუ დაიდება დასკვნა, რომ მგზავრობის საფასური იქნება ორი ლარი, მე დავეთანხმები, მაგრამ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ ალტერნატივა ჰქონდეთ რუსთაველებს და ეს ალტერნატივა აუცილებლად იქნება, ამის პირობას გაძლევთ მე. გაჩნდება შეღავათიანი ფასით გადაადგილების საშუალება", - განაცხადა ლევან ონიანმა საკრებულოს სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ.

RUSTAVI