რა მიზნით შემოიყვანა მერიამ ავტობუსები
2019-01-10 00:40:56

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით მერიას უკვე მზადყოფნაში ჰყავს სატრანსპორტო რეზერვი, რომლითაც საჭიროების შემთხვევაში მოხდება მგზავრების რუსთავიდან თბილისში გადაყვანა.

რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოში სავარაუდოდ უკვე მობილიზებულია "man"-ის მარკის 5 ავტობუსი. თითოეული მათგანი 50-მდე მგზავრს იტევს.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით "ინფო რუსთავი" დაუკავშირდა რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს დირექტორს, რომელმაც ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში კომპეტენტური არ არის თუმცა აღნიშნა, რომ დაწესებულება არის მუნიციპალიტეტის შპს და ნებისმიერი ავტობუსის დაყენებაა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საკრებულოს სხდომის დასრულების შემდგომ ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ სატრანსპორტო რეზერვის არსებობაზე ისაუბრა, რომელიც მოსახლეობის გადაადგილებას უზრუნველყოფს იმ შემთხვევაში თუ მძღოლების პროტესტი კვლავ გაგრძელდა და ისინი ისევ უარს განაცხადებენ ძველი ტარიფით სარგებლობაზე.