"მძღოლზე შეურაცხყოფისთვის ყველამ უნდა აგოს პასუხი",- აღნიშნულის შესახებ ტრანსპორტის პროფკავშირების პრეზიდენტმა ლავრენტი ალანიამ მძღოლების საპროტესქტო აქციაზე განაცხადა.
"გული შემტკივა მგზავრობის ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია მერიასთან, ითვალისწინებს, რომ თუ მას რომელიმე მხარე დაარღვევს, საქმე ექნება სასამართლოსთან. მერია ამტკიცებს, რომ ტარიფი უკანონოდაა გაზრდილი, ასეთ შემთხვევაში, მათ შეეძლოთ განჩინების საფუძველზე შეეჩერებინათ გადაწყვეტილება. მე გიხდით ბოდიშს იმისთვის, რომ გიწევთ განმარტებების გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ეს არის კომპანიისა და მერიის საქმე მხოლოდ. პროფკავშირის სახელით გეუბნებით, რომ არცერთ დასაქმებულს თმის ღერი არ ჩამოუვარდება და მძღოლზე შეურაცხყოფისთვის ყველამ უნდა აგოს პასუხი", - მიმართა მძღოლებს ლავრენტი ალანიამ.
როგორც პროფკავშირების თავმჯდომარემ განაცხადა, გამოსავალი ამ შემთხვევაში ალტერნატივის ძებნაა, ალტერნატივა კი არის სუბსიდირება. ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარს ის ის საკრებულოს სხდომაზე გეგმავს.
"ხუთშაბათს საკრებულოს სხდომას მე, როგორც მძღოლების წარმომადგენელი ისე დავესწრები, მძღოლების იქ ყოფნა საჭირო არ არის, რადგან ისინი დაკითხვაზე არ მიდიან. მექნება მხოლოდ ერთი პოზიცია, რომ მძღოლი არაფერ შუაშია .ხუთშაბათს სხდომაზე მექნება საუბარი ალტერნატივაზე, ალტერნატივა კი ამ შემთხვევაში არის სუბსიდირება. სუბსიდირება საიდან, ამაზე ვრცლად ვისაუბრებ ხუთშაბათს", -განაცხადა ტრანსპორტის პროფკავშირების პრეზიდენტმა ლავრენტი ალანიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 9 იანვარს რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე დასაქმებულმა მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც მძღოლებმა განაცხადეს, მას შემდეგ, რაც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ რუსთავი-თბილისის სამარშრუტო მიკროავტობუსში გაკრული გაზრდილი ტარიფის აღმნიშვნელი აბრა ჩამოხსნა და 1,50 ლარიანი ფურცელი გააკრა, მგზავრებსა და მძღოლებს შორის კონფლიქტი ხდება და მგზავრები მძღოლების მისამართით აგრესიას სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ.
მძღოლების გუშინდელ აქციას ტრანსპორტის პროფკავშირები შეუერთდა. ლავრენტი ალანია მძღოლების უფლებებს უკვე ხვალ, 10 იანვარს საკრებულოს სხდომაზე დაიცავს.