საკრებულოს სხდომას ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა და "არა ტარიფის ზრდას" აქციის მონაწილეები შეუერთდნენ.
სხდომაზე მიკროავტობუსებით მგზავრობის გაზრდილი საფასურის შემცირების საკითხზე იმსჯელეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფონზე ხმაურით წარიმართა. საკრებულოს გადაწყვეტილებით შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ საკითხზე მუშაობს და 2 დღეში შეხვედრას გამართავს, სადაც მოწვეულნი იქნებიან კომპანია "ინტერტრანსის" წარმომადგენლები და ყველა ის მხარე ვინც დაინტერესებულია აღნიშნული საკითხით.
"ეს პრობლემა ყველას აწუხებს. აუცილებლად მოსაგვარებელი და გადასაჭრელია. ჩვენს მიერ უკვე გადადგმულია ქმედითი ნაბიჯები. იმ პროცედურებს რაც ამ ეტაპზე ხორციელდება გარკვეული დრო სჭირდება ",- განაცხადა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
"ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი იყო მოსული, რომელიც აპროტესტებდა ტარიფის გაზრდას. ასეთი კუთხით განხილვა ვფიქრობ, რომ შედეგის მომტანი ვერ იქნება. საკრებულოს მხრიდან შეთავაზებულია სამუშაო ჯგუფის ფორმატი, სადაც წარმოდგენილი იქნება ყველა მხარე და დაინტერესებული პიროვნება ", -განაცხადა საკრებულოს თავჯდომარემ ლევან ონიანმა.
"დღეს ჩვენ მოვედით საკრებულოში, რომ გაგვეპროტესტებინა გაზრდილი ტარიფები. კვირას გვქონდა აქცია, სადაც ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ, თუმცა დღეს საკრებულოზე დავაყენეთ ჩვენი მოთხოვნები. გადაჭრის გზები ჯერ კიდევ ვერ მოვისმინეთ, მაგრამ მივიღეთ დაპირება, რომ ხუთშაბათს ყველა მხარე იქნება მოლაპარაკებაში ჩართული", - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა გიორგი გზირიშვილმა.