ახლგაზრდა რუსთაველი მამაკაცის, ოთარ ჩილაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც "კლინიკა რუსთავიდან" თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში 29 დეკემბერს გადაიყვანეს, ბოლო წუთამდე მძიმე იყო. რუსთაველი ახალგაზრდა გარდაიცვალა.
ფილტვების ანთებით ჰოსპიტალიზირებულ 25 წლის მამაკაცს, გრიპის ვირუსი გაურთულდა. თუმცა, ჯერ დაზუსტებული არაა, არის თუ არა ეს ვირუსი H1N1 შტამის.
ოთარ ჩილაშვილის მამის, გია ჩილაშვილის მტკიცებით, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების უყურადღებობის გამო გაუარესდა.
არსებული ინფორმაციით, ოთარ ჩილაშვილის ოჯახის წევრები, ექიმებს ახალგაზრდა მამაკაცისთვის პრეპარატ "ტამიფლუს" დაგვიანებით მიწოდებაში ადანაშაულებენ.
როგორც თბილისის რეფერალური ჰოსპიტალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი ნიორაძემ "ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადა, ოთარ ჩილაშვილის პირველადი მიმართვიანობა სამედიცინო პროფესიონალთან დაგვიანებული იყო.
"1 კვირა ჰქონდა პაციენტს ვირუსი, შემდეგ მიმართა რუსთავს და რუსთავმა ძალიან დროულად მოახდინა რეფერირება იმიტომ, რომ იყო ორმხრივი პნევმონია, ღვიძლის უკმარისობაც იყო დაწყებული და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობაც. შემოვიდა თუ არა დაეწყო ადეკვატური მკურნალობა პაციენტს, თუმცა, სამწუხაროდ, გუშინ ჰქონდა გულის გაჩერების რამდენიმე შემთხვევა, საბედნიეროდ, აღდგა გულის რიტმის მუშაობა, მაგრამ ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა ძალიან რთულია. რაც შეეხება, წამლის დაგვიანებით მიცემას, მე მესმის, რომ მშობლები მძიმე მდგომარეობაში არიან, მაგრამ ჩვენს კლინიკაში შემოსვლისთანავე პაციენტს აღნიშნული მედიკამენტის ("ტამიფლუ") მიწოდება დაეწყო, იმ დოზებით, რა დოზებიც არის რეკომენდებული", - აცხადებს გიორგი ნიორაძე.