შეწყდება თუ არა ინტერტრანსთან ხელშეკრულება [photo]

2019-01-06 14:32:15

მოსახლეობის პროტესტი მგზავრობის საფასურის გაძვირებას.

რუსთაველებმა მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა რუსთავ-თბილისის სამარშუტო ტაქსებზე თვითნებურად გაზრდილი გადასახადის შემცირება და ძველი ტარიფის დაბრუნება იყო.

"ვაპროტესტებთ თვითნებურად გაზრდილ ტარიფებს. ჩვენ პირდაპირ პასუხისმგებლობას ვანიჭებთ მერიის შენობაში მომუშავე ადამიანებს, ვინაიდან სწორედ ამაში ვუხდით ჩვენ მათ ხელფასს. მერს მოვუწოდებ ადეკვატური ნაბიჯების გადადგმისკენ და ისეთი სულელური განცხადებები გაკეთებისგან ვურჩევ შეიკავოს თავი, როგორიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გააჟღერა. მისმა ასეთმა განაცხადმა შეიძლება მძღოლებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება გამოიწვიოს", - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა გიორგი გზირიშვილმა.

მოგვიანებით მერიის წინ გამართულ აქციაზე ქალაქის მერი და თვითმართველობის წარმომადგენლები მივიდნენ. ირაკლი ტაბაღუამ რუსთაველების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა, გაზრდილი ტარიფი გააპროტესტა, აქციის მონაწილეებთან ერთად გაჩერებისკენ გადაინაცვლა და რუსთავი-თბილისიკენ მიმავალ მიკროავტობუსში სიმბოლურად ფურცელი გააკრა, სადაც მგზავრობის ღირებულება 1.50 იყო მითითებული.

"ინფო რუსთავი"-ს კითხვაზე - შეწყდება თუ არა ინტერტრანსთან დადებული ხელშეკრულება, ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ უპასუხა - "პოლიტიკა ფასებთან დაკავშირებით უკვე განსაზღვრულია, იგი შემადგენელი ნაწილია კონკურსის პირობების. ბერკეტი კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტისა იმ დარღვევებიდან გამომდინარე რაც არსებობს ძალიან მარტივია, უბრალოდ აქ საქმე გვაქვს ჩანაცვლების პროცესთან".