რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში დაჭრილი წვევამდელის მდგომარეობა სტაბილურია - ამის შესახებ რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ნახტაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, 20 წლის სამხედრო მოსამსახურე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა.
ექიმის განცხადებით, გეგმის მიხედვით 2 დღეში პაციენტს მეორე ოპერაცია ჩაუტარდება.
შეგახსენებთ, რომ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში, დაშავებულს გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა ჩაუტარდა, რადგან, ექიმის ინფორმაციით, პაციენტს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული, მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები აღენიშნებოდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, წვევამდელმა ხაჩატურ მანკასარიანმა სათვალთვალო კოშკურაზე მორიგეობის დროს ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ ეცნობა მანკასარიანის ოჯახს. ასევე ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომლის შედეგადაც უნდა დადგინდეს სუიციდის მცდელობაა მომხდარი, თუ მანკასარიანმა თვითდაზიანება გაუფრთხილებლობით მიიყენა.
მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ინფო რუსთავმა გაავრცელა.