2018 წელს ქვემო ქართლი რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, ჯამში, 33 479 000 ლარი იყო გამოყოფილი და როგორც ირკვევა, ამ თანხიდან მუნიციპალიტეტებმა მხოლოდ 19 300 000 ლარის ათვისება შეძლეს. დანარჩენი 14 179 000 ლარი გაუხარჯავი დარჩა.
ამ პრობლემებზე ღიად ისაუბრეს დღეს ქვემო ქართლის საკონსულტაციო საბჭოზე, რომლესაც მხარის პირველი პირი შოთა რეხვიაშვილი უძღვებოდა. [ვიდეო/video]
შეხვედრას ქვემო ქართლის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
როგორც აუდიენციაზე გახდა ცნობილი, 7 მუნიციპალიტეტიდან არსებული თანხების სრულად ათვისება ვერცერთმა მუნიციპალიტეტმა ვერ მოახერხა.
რეგ.ფონდიდან გამოყოფილი თანხების ათვისება ყველაზე უკეთ ბოლნისის მუნიციპალიტეტმა შეძლო, ხოლო ყველაზე დიდი თანხა აუთვისებელი პროცენტული მონაცემებით დმანისს დარჩა.
2018 წელს რეგ. ფონდიდან გამოყოფილი თანხების მხოლოდ 49%-ის აითვისა რუსთავმა, ბოლნისმა 95%, გარდაბანმა 45%, დმანისმა 13%, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა 65%, მარნეულმა 49%, ხოლო წალკამ 70%.
"რაც შეეხება საკასო შესრულებას, 2018 წელს ვამთავრებთ დაახლოებით 58%-დან 60%-მდე, ვგულისხმობ რეგიონულ ფონდს, ადგილობრივში გაცილებით კარგი სიტუაციაა. რა თქმა უნდა, ამით არ ვართ კმაყოფილები, მაგრამ დაგვხვდა ძალიან მძიმე მდგომარეობა. იყო პრობლემები ფირმებთან დაკავშირებით, რადგან არაკეთილსინდისიერად იქცეოდნენ, აქედან გამომდინარე მაქსიმალური, რისი ამოღებაც ჩვენ შეგვეძლო ამოვიღეთ, ასე ვთვლით და ეს ყველაფერი გამოიხატება 60%-თ. იყო პრობლემები, რომლებიც აუცილებლად აღმოიფხვრება, იმიტომაც ჩავატარეთ საბჭო და მზა პროექტებით ვხვდებით ამ წელს, რომ იგივე სიტუაცია 2019-შიც არ მივიღოთ. 2018 წელს ასე არ იყო სიტუაცია, პროექტები დაახლოებით ზაფხულში შედგა და პრობლემებიც ზუსტად აქედან მოდიოდა", - განაცხადა ინფო რუსთავთან ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ ზვიად ჭუნაშვილმა.