"რუსთავის ბიუჯეტი შესაძლოა 50 მილიონ ლარს გასცდეს"

2018-12-21 17:56:12

რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა.

კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 ძირითადი საკითხი განიხილეს. მათ შორის რუსთავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი იყო.

როგორც საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ გიგა ვეფხვაძემ განაცხადა, მერიამ ყველა ის რეკომენდაცია გაითვალისწინა რომელიც კომისიის წევრებს ბიუჯეტის საკითხთან დაკავშირებით პირველ მოსმენაზე ჰქონდათ.

"10 საკითხიდან ძირითადი საკითხი იყო 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ. მთლიანი ბიუჯეტის დამტკიცების საკითხი მეორე მოსმენით უნდა განვიხილოთ იმიტომ, რომ პირველი ვარიანტი დაბრუნდა უკან. ჩვენგან იყო რეკომენდაციები მერიის მიმართ, რომ გაზრდილიყო ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც მერიამ გაითვალისწინა. ასევე გაითვალისწინა სოციალური პროექტების შესახებ მითითებები, რაც მივმართეთ და მოგვაწოდა შესწორებული ვარიანტი. ახალი მდგომარეობით ბიუჯეტი არის 42 700 000-მდე ლარი. ჩვენ ველოდებით ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებას და შესაძლებელია 50 000 000 ლარსაც გასცდეს ქალაქის ბიუჯეტი", - განაცხადა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომმისიის თავმჯდომარემ, გიგა ვეფხვაძემ.

ხმათა უმრავლესობით, წარმოდგენილი საკითხები შემდგომი განხილვისთვის საკრებულოს ბიუროს გადაეცა.