შსს-მ ფონიჭალაში ორი ნარკორეალიზატორი დააკავა

2018-12-16 10:52:25

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ნ.ა. და 1997 წელს დაბადებული ა.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ფონიჭალაში დააკავეს.

ნ.ა.-ს შემთხვევაში დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო, ხოლო ა.მ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვების დროს დაკავებულებისგან 4 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები შეიძინეს, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნით ჰეროინს შეიცავს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.