ადვოკატი: "დამტკიცდება სარალიძის უდანაშაულობა"

2018-12-14 14:19:23

რუსთავის საქალაქო სასამართლოში,  ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძის წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

სასამართლო პროცესს ზაზა სარალიძე ადვოკატებთან ერთად  ესწრებოდა.

"ჩატარდა სასამართლო სხდომა, სამწუხაროა, რომ არ იქნა გათვალისწინებული ჩვენი შუამდგომლობა რამდენიმე მტკიცებულების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, დაველოდებით არსებით სხდომას სადაც უკვე გამოკვლეული იქნება და დამტკიცდება სარალიძის უდანაშაულობა" - განაცხადა ზაზა სარალიძის ადვოკატმა დიმიტრი ნოზაძემ.

"ერთადერთი მოლოდინი მაქვს, რომ ჩემი შვილის მკვლელები დაისჯონ, ჩემზე რას გადაწყვეტს პროკურატურა და ხელისუფლება არ მაინტერესებს. რაც შეეხება სამართალდამცავებთან მომხდარი ინციდენტის ბრალდებას, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები, რადგან თავად მათი მხრიდან იყო პროვოკაცია მოწყობილი", - განაცხადა რუსთავის საქალაქო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ ზაზა სარალიძემ.

პოლიციელზე თავდასხმის გამო ზაზა სარალიძე 26 ოქტომბერს, რუსთაველზე დააკავეს.

სარალიძე 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამაა. მას შემდეგ, რაც სასამართლომ პოლიციის მიერ წარმოდგენილი ორი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, ზაზა სარალიძემ რუსთაველზე საპროტესტო აქციები დაიწყო. პოლიციელთან მომხდარ ინციდენტს წინ სამართალდამცველების მხრიდან კარვის გაშლაზე უარის თქმა უძღოდა.

შემდეგი პროცესი რუსთავის საქალაქო სასამართლოში 25 დეკემბერს ჩაინიშნა.