რამდენი ლარი გადაიხადა გირაოს სახით თემურ აბაზოვმა

2018-12-13 18:41:36

რუსთავის საქალაქო სასამართლომ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებული მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. 

ინფო რუსთავის ინფორმაციით, აბაზოვმა გირაოს სახით 10 000 ლარი გადაიხადა.

აბაზოვის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში აბაზოვის მეგობარმა, დათო გუსეინოვმა გაავრცელა. ინფო რუსთავს ფაქტი რუსთავის სასამართლოშიც დაუდასტურეს.

თემურ აბაზოვის და მასთან ერთად ბრალდებული სამი პირის საქმის არსებითო განხილვა რუსთავის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა. გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთინო ლუაშვილმა მიიღო.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, 37 წლის თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავა. საქმის მასალების მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ელჩინ ა.-ს, რომელმაც 10 ივნისს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე თემურ აბაზოვის და ბიძინა ივანიშვილის მისამართით შეიგინა, მარნეულში დაბრუნების შემდეგ, საჯარო ბოდიში მოახდევინეს, ცემეს და სახე საკუთარი შარდით მოაბანინეს.

თემურ აბაზოვს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენას ედავებოდა. აღნიშნული მუხლი გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 14 ივნისს, თემურ აბაზოვს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

აბაზოვთან ერთად ელჩინ ა-ს საქმეზე კიდევ სამი პირია ბრალდებული: პარლამენტის წევრი პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“, აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი პარტია „ქართული ოცნებიდან“, რამინ ალახვერდიევი და აბაზოვის ნათესავი ილხამ გულიევი.