ოჯახი ექიმების დასჯას ითხოვს [video]

2018-12-13 14:27:24

რუსთავში გარდაცვლილი 17 წლის მოზარდის ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს. ოჯახის წევრებმა ამ მოთხოვნით აქცია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაფანახჩში გამართეს. [ვიდეო/video]

გარდაცვლილი  მოზარდის მშობლები ძალოვან უწყებებს გამოძიების დროულად ჩატარებისკენ მოუწოდებენ. ოჯახის წევრების თქმით, 17 წლის მოზარდი 4 ნოემბერს ხელის მოტეხილობით რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში შეიყვანეს, ბიჭი თავს კარგად გრძნობდა, თუმცა ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. მოზარდის გარდაცვალებიდან 40 დღეზე მეტი გავიდა.

გარდაცვლილი ბიჭის ოჯახის წევრები სახელმწიფოს  უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ექიმების მკაცრად დასჯას მოითხოვენ.

" სანამ საავადმყოფოში მივიდოდით გზაში მელაპარაკებოდა, ვხუმრობდით, იცინოდა, მერე შეიყვანეს საოპერაციოში და ბავშვს გული გაუჩერდა. ვფიქრობ, რომ ნარკოზიდან ვერ გამოიყვანეს“ – ამბობს გარდაცვლილის მამა.

შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, თუმცა, როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ ამ ხნის განმავლობაში  მათთან კონტაქტზე უწყებიდან არავინ გამოსულა.

ინფო რუსთავი კომენტარისთვის რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილეს დავით გოგოძეს დაუკავშირდა.

"ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოიყვანეს 17 წლის ყმაწვილი. აღენიშნებოდა მხრისძვლის მოტეხილობა.გაუკეთდა ოპერაცია, ოპერაციამ ჩაიარა ნორმალურად. ოპერაციის შემდეგ მოხდა გულის გაჩერება. მიზეზი თუ რამ გამოიწვია ეს ამბავი ჩვენთვის უცნობია. მიღებულმა რეანიმაციულმა ღონისძიებებმა შედეგი ვერ გამოიღო, პაციენტი სამწუხაროდ გარდაიცვალა. ეს შემთხვევა გადაცემულია საპატრულო პოლიციას, ჩატარებულია ექსპერტიზა, თუმცა მათი დასკვნა ჩვენც არ ვიცით, არ გვატყობინებენ რა იყო და რა მოხდა. დანარჩენს ალბათ გაარკვევს სამართალდამცავი ორგანოები."- განაცხადა დავით გოგოძემ

გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ თუ დამნაშავეები არ დაისჯებიან  აქციები უკვე პროკურატურასთან გაგრძელდება.