ლაშა კალანდაძე: "ყველა ნახატს თავისი ისტორია აქვს"

2018-12-12 17:50:57

რუსთავის ისტორიულ მუზეუმში თვითნასწავლი მხატვრის, ლაშა კალანდაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა.

ლაშა კალანდაძე რუსთაველი ხელოვანია, რომელიც თავისი ასაკის მიუხედავად საკმაოდ დიდი წარმატებით სარგებლობს პროფესიულ მხატვრულ წრეებში. აქამდე ფერმწერის ნამუშევრები მხოლოდ მხატვრებისთვის იყო ცნობილი, 11 დეკემბრიდან კი ახალგაზრდა მხატვრის ნამუშევრების დათვალიერება ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი.

ექსპოზიცია მხატვრის ძველ და ახალ ტილოებს აერთიანებს.

"ბავშვობიდან ვხატავ. ამ მხრივ სპეციალური განათლება არ მიმიღია. შთაგონების წყარო არის, ეს ყოველდღიურობა, სიყვარული, მეგობრები, გარემო, თუნდაც ბევრი ტკივილი, სიხარული ანუ ყველაფერი ერთად. ყველა ნახატს თავისი ისტორია აქვს"- ამბობს მხატვარი ლაშა კალანდაძე.

ექსპოზიცია მოიცავს საერთო მხატვრული კონცეფციით გაერთიანებულ გრაფიკულ და ფერწერულ ნამუშევრებს, რომლებიც გამოირჩევა დახვეწილობით, ღრმა შინაარსითა და ექსპრესიული ხასიათით. რუსთავის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში მხატვრის 53 ნამუშევარია წარმოდგენილი.

გამოფენის გახსნაზე მხატვრის ერთ-ერთი ფერწერული ტილო სიმბოლურ ფასად 520 ლარად გაიყიდა, თანხა კი ხელოვანმა ქველმოქმედებას მოახმარა. ლაშა კალანდაძის ადრესატი დავით ხიდაშელია, ადამიანი, რომელიც თვითნასწავლი მხატვრის შემოქმედების პირველი შემფასებელი იყო, სწორედ მას გადაერიცხება ნახატიდან რეალიზებული თანხა.

ღონისძიებას ცნობილი მხატვრები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მხატვრის ოჯახის წევრები, მეგობრები და ხელოვანები ესწრებოდნენ, რომლებმაც მხატვრის შემოქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

გამოფენა 11 დეკემბერს, გაიხსნა და 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა საზოგადოება "რუსთაველების" ორგანიზებით გაიმართა.

 

ფოტო: ნინო გელაშვილი