დატოვებს თუ არა თანამდებობას მანანა გოგოლაძე

2018-12-10 19:39:35

რუსთავის #24 საჯარო სკოლის დირექტორმა შესაძლოა თანამდებობა დატოვოს.

მანანა გოგოლაძემ სკოლის სამეურვეო საბჭოს განცხადებით უკვე მიმართა. "ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადავწყვიტე დირექტორის თანამდებობა დავტოვო, განცხადებით სამეურვეო საბჭოს უკვე მივმართე. დავრჩები რიგით პედაგოგად", - მანანა გოგოლაძე.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით სკოლის დირექტორის მიმართ ბოლო პერიოდში მიზანმიმართული საინფორმაციო შეტევა ხორციელდებოდა. გარკვეულ ძალებს სკოლის რეპუტაციის შელახვა სურდათ, სწორედ ამიტომ მანანა გოგოლაძის გარშემო პერიოდულად სხვადასხვა დეზინფორმაცია ვრცელდებოდა. არაოფიციალური ინფორმაციით სკოლის დირექტორმა სწორედ ამის გამო მიიღო გადაწყვეტილება რომ თანამდებობა დაეტოვებინა.

რუსთავის რესურსცენტრის ხელმძღვანელი თამარ ხეჩიკაშვილი "ინფო რუსთავთან" აცხადებს რომ - "ქალბატონმა მანანამ მიმართა სკოლის სამეურვეო საბჭოს, რადგან ის არის არჩეული დირექტორი. როგორც ვიცი თანამდებობიდან წასვლის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება სახელდება".