"სტუდენტს არ ექნება სათქმელი, რომ გზის ფული არ აქვს და ვერ სწავლობს"

2018-12-17 18:12:26

რუსთავის მერია სოციალურად დაუცველ და წარჩინებულ სტუდენტებს რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მგზავრობისთვის პირად ანგარიშზე ყოველთვიურად 60 ლარს ჩაურიცხავს, წარჩინებულ სტუდენტებს კი სწავლის საფასურს გადაუხდის - ამის შესახებ ინფო რუსთავთან მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ქვირიამ განაცხადა.

"გზის დაფინანსებაზე და მატერიალურ წახალისებაზე სტუდენტებისთვის ჯამში 80 000 ლარი გამოიყოფა, ჩვენ გავთვალეთ, რომ ბიუჯეტი წლის ბოლომდე უნდა გვეყოს და ამიტომ თუკი მომართვიანობა იქნება და კარგი მოსწრება გაუჩნდა სტუდენტს, პრობლემა არ იქნება, რომ ბიუჯეტში თანხა დავამატოთ. მთავარია სტუდენტს კარგი მოსწრება ჰქონდეს. რადგან 81 000-ზე ავიდა მოსწრების ქულა, მე ვფიქრობ რომ ქულის აწევა დისკრიმინაცია კი არ არის წახალისებაა, რომ უფრო კარგად ისწავლონ. გზის თანხას ყველა მიიღებს ეს იქნება დაბალ ქულიანი თუ მაღალ ქულიანი სტუდენტი. რუსთაველ სტუდენტს არ ექნება სათქმელი, რომ გზის ფული არ აქვს და იმიტომ ვერ სწავლობს. აი ამას მივაღწიეთ ჩვენ ამ პროგრამით. მთავარია მომართვიანობა იყოს და ისწავლონ და თანხის გაზრდაც შესაძლებელია. შესაძლებელია სტუდენტი სოციალურად დაუცველი არ იყოს და კარგად სწავლობდეს, ჩვენ ასეთ სტუდენტებსაც ვეხმარებით", - განაცხადა ნინო ქვირიამ.

სამსახურის უფროსის თქმით, საუბარია 50 სტუდენტზე, რომელსაც თვითმმართველობა სწავლის საფასურს გადაუხდის.

სოციალურ პროგრამაში ჩართვის მსურველმა რუსთაველმა სტუდენტებმა მერიის სოციალურ სამსახურს უნდა მიმართონ.